თეგებით ძიება
20. 06. 2021 COVID - 19

სოფლიდან ჩასულ ხანდაზმულ ცოლ-ქმარს, რომლებსაც რეგისტრაცია გავლილი ჰქონდათ, აცრაზე უარი უთხრეს - რა მოხდა ქუთაისში?

სოფელ ბანოჯაში მცხოვრები ცოლ-ქმარი, რომლებიც კოვიდ-საწინააღმდეგო აცრაზე - „ასტრაზენეკაზე“, რამდენიმე დღის წინ დაარეგისტრდნენ, 18 ივნისს, აცრის გასაკეთებლად ქუთაისში ჩავიდნენ, თუმცა მათ ექიმმა ვაქცინაციაზე უარი უთხრა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

როგორც თემო ლაგვილავა, მოხუცი ცოლ-ქმრის შვილის მეგობარი, გამოცემას უყვება, უარის მიზეზად შაქრიანი დიაბეტი და „პრობლემური სისხლძარღვები“ დასახელდა.

81 წლის კაცმა და 73 წლის ქალმა, დასახმარებლად კვლავ შვილის მეგობარს მიმართეს და „პფაიზერზე“ დარეგისტრირება სთხოვეს:

„ჩემი მეგობარი გერმანიაში ცხოვრობს. რაკი აცრაზე უცხოეთიდან დარეგისტრირება არ შეიძლება, მთხოვა, რომ მშობლებისთვის აცრა დამეჯავშნა. აცრა ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში დავჯავშნეთ. ეს ხალხი დანიშნულ დროს სოფლიდან ქუთაისში ჩავიდნენ, იქ კი აცრაზე უარი უთხრეს. როგორც მეგობრის მშობლებმა ამიხსნეს, აცრის კაბინეტში მათ ექიმი გაესაუბრა, გაიგო, რომ დიაბეტი ჰქონდათ, აღნიშნა, რომ შესაძლოა, ჰქონოდათ ასევე პრობლემური სისხლძარღვები და „ასტრაზენეკათი“ აცრის რეკომენდაცია არ მისცა. შემდეგ კი უთხრეს, რომ „პფაიზერზე“ დარეგისტრირებულიყვნენ. დამირეკეს და დახმარება მთხოვეს, იქნებ „პფაიზერზე“ დაგვარეგისტრიროო“.

თემო ლაგვილავამ სიტუაციის გარკვევა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცხელ ხაზზე სცადა. როგორც მას ოპერატორმა განუმარტა, ხანდაზმულმა ცოლ-ქმარმა იმუნიზაციის საბჭოს უნდა წარუდგინოს ჯანმრთელობის ცნობა, ე.წ. ფორმა 100, რის შემდეგაც, საბჭო განიხილავს მათ მიმართვას და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მათ „პფაიზერით“ აცრიან:

„ეს ადამიანები ძლივს ჩამოვიდნენ სოფლიდან ქუთაისში. გამოდის, რომ ახლა ხელმეორედ უნდა ჩავიდნენ ქუთაისში, იარონ ექიმებთან, ჩაიტარონ გამოკვლევები, დახარჯონ თანხა, შემდეგ აიღონ ეს ცნობები და მეილით გააგზავნონ ყველა დოკუმენტი ჯანდაცვის სამინისტროში, იმუნიზაციის საბჭოში. არადა, ეს ადამიანები რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან, აქვთ შაქრიანი დიაბეტი. სწორედ ამ ადამიანებისთვისაა რეკომენდებული აცრა, ისინი კი ძლივს სოფლიდან სოფლიდან ჩამოსულები უკან გააბრუნეს“.

როგორც ცხელი ხაზის ოპერატორმა "რადიო თავისუფლებასთან" განმარტავს, ქვეყანაში „პფაიზერის“ მცირე დოზებია დარჩენილი და იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ვაქცინით მხოლოდ სპეციალური ჯგუფების წარმომადგენლებს, ე.წ. რისკ-ჯგუფში მყოფ პირებს ცრიან.

ოპერატორის განმარტებით, აცრის მსურველმა ყველა საჭირო დოკუმენტაცია ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე, იმუნიზაციის საბჭოს სახელზე უნდა გააგზავნოს. მისივე განმარტებით, თუკი პირი ვერ ახერხებს დოკუმენტაციის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნას, ამ შემთხვევაში, ის ჯანდაცვის სამინისტროში, კანცელარიაში უნდა მივიდეს და საბუთები იქ დატოვოს.

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცხელ ხაზზე ისიც გვითხრეს, რომ იმუნიზაციის საბჭო „პფაიზერით“ ვაქცინაციის მსურველთა მიმართვას, სავარაუდოდ, 10-15 დღის განმავლობაში განიხილავს.

19 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში სულ აცრილია 229 906 ადამიანი. მათგან სრულად აცრილია, 79 222 პირი.

20 ივნისის მონაცემებით, საქართველოში სულ შემოსულია 157 725 ადამიანის ასაცრელი ვაქცინა.

radiotavisupleba.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა