თეგებით ძიება
23. 06. 2021 COVID - 19

"სანამ ეპიდემიას პატრული მართავდა, ყველაფერი კარგად იყო. როცა პროცესში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხალხი ჩაერია, ჩაფლავდა ყველაფერი" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდმდგომარეობაზე სოციალურ ქსელში წერს:

"ბევრმა ჟურნალისტმა დამირეკა, ქვეყანა გახსნესო და ჩემი აზრი აინტერესებდათ. ანუ ხალხს უთხრეს - ახლა ქვეყანას ვხსნით, მაგრამ ვაქცინას 2 კვირაში ჩამოვიტანთო. უცებ ვერც დავიჯერე. ვაღიაროთ, ქვეყანა არ იმართება ისე, როგორც უნდა იმართებოდეს!

ჩვენთან პანდემიის მართვაში მილიარდობით თანხა დაიხარჯა, ღმერთმა იცის, სად, ვისთვის და როგორ. სიტუაცია ისე მიდის, რომ აგვისტოს ბოლოს, შეიძლება, უფრო ადრეც, საქართველოში მთლიანად ინდური შტამი იქნება.

„არცოდნა არცოდვაა“, მაგრამ დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამოცდილი და განათლებული ხალხი მუშაობს, ამიტომაც ისეთი ტიპის შეცდომები, რაც დაშვებულია, გაუგებარია. ცუდია, როცა ექიმი პოლიტიკაში მიდის, ის უკვე პოლიტიკოსი ხდება, პოლიტიკოსს კი თავისი ვალდებულებები აქვს. ხან აქ, ხან იქ ყოფნა არ გამოვა.

მოსახლეობა დაიბნა. ასეთი ნდობა, რაც ამ სამ ადამიანს ე.წ. „სამ მუშკეტერს“ პანდემიის დასაწყისში ჰქონდა, ადრე არასდროს ჰქონიათ, თუმცა ეს ნდობა შემდეგ გაიბნა. მათ კარგი საქმეც გააკეთეს მაშინ, თუმცა ეს მარტო მათი გაკეთებული არ იყო.

მე მგონი, ჩემს გარდა ამაზე არავინ ლაპარაკობს - პანდემიის დასაწყისში ყველაზე დიდი საქმე პოლიციამ გააკეთა. ქვეყანაში პანდემიის პირველი ტალღა არ ყოფილა იმიტომ, რომ პოლიციამ თავისი საქმე უმაღლეს დონეზე შეასრულა. როცა ვირუსის შეკავებაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხალხი ჩაერია, მაშინ ჩაფლავდა ყველაფერი.

ერთადერთი სისტემა, რა ქვეყანაში კარგად მუშაობს და რაზეც დგას სახელმწიფო, არის პატრული. სანამ ეპიდემიას პატრული მართავდა, ყველაფერი კარგად იყო. მას შემდეგ, რაც ეს პროცესი ეპიდემიოლოგებს ჩააბარეს, ვხედავთ, რა მძიმე სიტუაციაც გვაქვს.

რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას - აზრი არა აქვს ხან გახსნას და ხან ჩაკეტვას, უნდა იყოს სტრატეგია, რას და რატომ ვაკეთებთ.

იგივე ეხება ვაქცინაციას. ჯერ კიდევ ნოემბრიდან ვყვიროდი, გვჭირდება ელექტრონული ჯანდაცვა-მეთქი. მიხვდით ხომ ივნისში, რატომ გვჭირდებოდა?! ელექტრონული ჯანდაცვა - ეს არის ერთიანი ელექტრონული ბაზა, სადაც ფიქსირდება, სად რამდენი ვაქცინაა, რამდენი პაციენტია და ნათლად ჩანს, რამდენია საჭიროება", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა