ტაქსებში მოწევა შესაძლოა აიკრძალოს
ტაქსებში მოწევა შესაძლოა აიკრძალოს, – შესაბამის ინიციატივას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამზადებს.
ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ტაქსებში არ უნდა ეწეოდეს არც მძღოლი და არც მგზავრი.
„ვადასტურებ, რომ ინიციატივა გვაქვს, რომ ტაქსებში მოწევა აიკრძალოს. იქ არ უნდა ეწეოდეს არც მძღლი და არც მგზავრი, რადგან გამონაბოლქვი უარყოფითად მოქმედებს იქ მსხდომ ადამიანებზე. დიახ, ჩვენ გამოვდივართ ამ ინიციატივით. ზოგიერთი მძღოლი ეკითხება მოქალაქეს შეიძლება თუ არა მოვწიოო, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოწიოს.
ამით ზარალდებიან არასრულწლოვნები და ყველა ადამიანი, ვინც ამ ტაქსიში ჯდება. ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საკუთარ მანქანებში ვკრძალავთ მოწევას. ასე არ არის, რეკომენდაციას გავცემთ, რომ არ მოწიონ ადამიანებმა, თუკი კერძო მანქანაში ზის ბავშვი, მაგრამ ამის აკრძალვა სავარაუდოდ არ არის მოსალოდნელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, თავის დროზე, როცა პარლამენტმა მიიღო კანონი დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვის შესახებ, ტაქსებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვა, თუმცა ეს უნდა შეიცვალოს.