ინფორმაცია რომ "დელტა" შტამი მაინც და მაინც ბავშვებს აზიანებს, არ არის სწორი - ბიძინა კულუმბეგოვი
ინფორმაცია გავრცელდა საქართველოში, რომ "დელტა" შტამი მაინცა და მაინც ბავშვებს აზიანებს, რაც არ არის სწორი, - ამის შესხებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი "ბათუმელებთან" ინტერვიუში აცხადებს.
პირველ რიგში, რომ განგვიმარტოთ, რა არის "დელტა" შტამი, ასევე მის გავრცელებაზე ბავშვებში – მართალია თუ არა, რომ ბავშვებში უფრო სწრაფად ვრცელდება და აგრესიულია. შესაბამისად, რისკებიც უფრო მაღალია?
დელტა შტამთან მიმართებაში რა ინფორმაციასაც დღეს მსოფლიო დაზუსტებულად ფლობს, არის ის, რომ ადამიანიდან ადამიანზე მისი გადაცემა ალფა შტამთან შედარებით არის 50-60 პროცენტით გამარტივებული. ასევე, დადგენილია, რომ ათასჯერ მეტია სასუნთქ გზებში და ლორწოვანში ვირუსის კონცენტრაცია, ვიდრე წინა ვარიანტების შემთხვევაში. ამიტომაც, რაც უფრო მაღალი კონცენტრირებული ვირუსების რაოდენობა აქვს ზედა სასუნთქ გზებში დაავადებულ ადამიანს და უფრო დიდი რაოდენობით აფრქვევს ვირუსს. ეს გადაცემას ამარტივებს და უფრო მეტია ალბათობა ირგვლივ მყოფები დაავადო.
თუ ალფა ვარიანტს ჰქონდა დაახლოებით 3-4 ადამიანის დაავადების საშუალება [ერთ ინფიცირებულს], დელტა ვარიანტს საშუალოდ 5-8 ადამიანის ინფიცირება შეუძლია. დანარჩენი პარამეტრული მინიშნებები, რომ დელტა ვარიანტმა უფრო მეტი ადამიანი მოახვედრა საავადმყოფოში, ან მეტი ბავშვი გახადა მძიმედ ავად, ან სიკვდილობის მაჩვენებელი გაიზარდა, ჯერჯერობით ასეთი დაზუსტებული მონაცემი მსოფლიოში არ არსებობს.
თუ ავიღებთ ბრიტანეთის მაგალითს, იქ შეწონილია დელტა ვარიანტის გავრცელება, მაღალი ხარისხით ვაქცინირების მასშტაბებთან ზედა ასაკობრივ ჯგუფში, სადაც ყველაზე დიდია ჰოსპიტალიზაცია, კრიტიკული პაციენტები თუ სიკვდილობა:
დღევანდელი მონაცემებით, ბრიტანეთში 51 000 ახალი შემთხვევაა. როდესაც მათ, მეორე ტალღის დროს, ნოემბერში ჰქონდათ 50 000 ახალი შემთხვევა, ყოველ დღე 30 ადამიანი ხდებოდა კრიტიკულ დეპარტამენტში, ანუ იყო კრიტიკულად მძიმე პაციენტი. ბოლო ერთ კვირაში კი 50 000 ახალი შემთხვევიდან, კრიტიკულ დეპარტამენტში მხოლოდ რვა ადამიანი მოხვდა.
ეს განპირობებულია იმით, რომ ზედა ასაკობრივი ჯგუფი 80-90 პროცენტი, მაგალითად ისრაელში 50 წლის ზემოთ აცრილი ჰყავთ. აუცრელი კონტიგენტი დარჩა ქვედა ასაკობრივ ჯგუფში, ამიტომაც გადმოიწია ბავშვთა ასაკში და არაა ისე, რომ მაინცა და მაინც ბავშვებს ერჩის. ეს ძალიან ცუდი ინფორმაცია გავრცელდა ჩვენს ქვეყანაში, რომ მაინცა და მაინც ბავშვებს აზიანებს, რაც არ არის სწორი. კრიტიკულად და მძიმედ სიკვდილობა ბავშვებში ამ ვირუსის გამო არ არის გავრცელებული მსოფლიოში და ჩვენი ქვეყანა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვერ იქნება.
როგორც კი ჩვენმა მოსახლეობამ გაიგო, რომ სამი ბავშვი იყო სამწუხაროდ მძიმედ და ერთი დაიღუპა, სიცხის დამძიმების რისკის შიშით ყველამ გადაწყვიტა, რომ საავადმყოფოს მიმართოს. ამიტომ სიმპტომურად ცოტა უცნაურად მიდის ზაფხული.
უცნაურობა რაში მდგომარეობს?
ზაფხულის პერიოდიდან გამომდინარე, სიცხის გამო ტემპერატურის მართვა ბავშვებში გართულებულია, როცა ტემპერატურა გარემოში მაღალია, დეჰიდრატაცია, ანუ სითხის დანაკარგი ბავშვებს ისედაც მეტი აქვთ. როცა ტემპერატურა ვირუსით არის გამოწვეული, ან სხვა მიზეზით, რა თქმა უნდა, უფრო რთულად ემორჩილება დამწევ საშუალებებს. ამიტომ აუცილებელია, რომ ბავშვები გვყავდეს სიგრილეში, რაც შეიძლება მეტი სითხე შევთავაზოთ, რომ ინფექცია არ მიმდინარეობდეს მაღალი ცხელებით. დანარჩენი, რასაკვირველია, პედიატრთან კონსულტაციაა. სხვა რაიმე მინიშნება ან მძიმე მიმდინარეობა – მსოფლიოში მსგავსი რამ არ ხდება, ამიტომ არ უნდა ინერვიულოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ამაზე ძალიან.
მოწოდება ჰქონდა ამირან გამყრელიძეს მშობლების ვაქცინაციის აუცილებლობაზე, სწორედ ამ ნიშნით.
რა თქმა უნდა, ჩვენ ბავშვების ავადობა არ გვინდა – ამაზე აღარ ვსაუბრობთ. ყველა მშობლისთვის სტრესია, სიცხით მიმდინარე დაავადება, მით უმეტეს, თუ კორონასთან იქნება ეს დაკავშირებული. როცა მშობლებს ესმით მედიით ასეთი ინფორმაციები, რა თქმა უნდა მშვიდად ვერ იქნებიან – რაც არ უნდა თვალსაზრისი იყოს, ვეცდებით ბავშვებს ავარიდოთ ეს ინფექცია, თუნდაც მსუბუქად და საშუალოდ მიმდინარეობდეს. თუნდაც 2-3 შემთხვევა ათი ათასობით ბავშვიდან, ისიც საყურადღებოა. შიდა ოჯახური გავრცელება რომ შევამციროთ, ერთადერთი ბერკეტია, მშობლების და ოჯახის უფროსი წევრების აცრა, რადგან ბავშვების აცრას ვერ ვახერხებთ არამარტო ჩვენ, არამედ მსოფლიოც კი. 12 წლის ქვევით პრეცედენტიც არ არსებობს.
ამაზეა საუბარი, რომ ჩვენ ერთხელ კიდევ დიდი მოტივაცია გავუჩინოთ ოჯახის წევრებს და უფროს თანამოქალაქეებს, რომ ვაქცინაცია თუ იქნება მაღალი პროცენტით, ეს აგვარიდებს ბავშვების ავადმყოფობას.
დღეს არსებული სტატისტიკა გვაძლევს იმის საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მონაცემები უფრო ჩქარა და დრამატულად გაიზრდება?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ საქართველოში ტესტირებით დადასტურებული შემთხვევები 390 000-ია. მონაცემებს დაახლოებით სამზე ამრავლებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. ეს იმას ნიშნავს, რომ [ასიმპტომური ან მსუბუქი სიმპტომებით პაციენტები, რომლებსაც ანალიზი არ გაუკეთებიათ] დაახლოებით ერთ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე მაინც იქნება, ვინც გადაიტანა ინფექცია. როდესაც ერთი მილიონ ადამიანს 3,5 მილიონიდან გარკვეულწილად იმუნიტეტი აქვს უკვე შეძენილი, რა თქმა უნდა, მეორე ტალღის მსგავსი საქართველოში არ იქნება, რადგან კონტაქტები წყდება, როცა იმუნური ადამიანი ხვდება ვირუსს. შესაბამისად, მოლოდინი, რომ ჩვენ გვექნება შემთხვევების რაოდენობა ძალიან მაღალი არ იქნება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ზედა ასაკობრივ ჯგუფში, განსაკუთრებით მოწყვლად ადამიანებში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი გვაქვს.
რატომ ვადარებთ მაგალითად ისრაელს – ისრაელში თუ 6000 ახალი შემთხვევაა აქტიური, შეიძლება ბოლო ერთ კვირაში 3-4 ადამიანი გარდაიცვალა, როცა ჩვენ ერთი კვირის განმავლობაში მინიმუმ 100- 150 მოქალაქეს ვკარგავთ. ამიტომ ჩვენთვის ეს ძლიერი დარტყმა იქნება. თუ შემთხვევების რაოდენობა 2000 იქნება [მეტ გაზრდას არ ველოდები, მაგრამ ესეც სერიოზულია], არაიმუნური ფენა, ასაკოვანი ადამიანები განსაკუთრებით დაზარალდებიან და ყოველდღიური სიკვდილობა იქნება 25-30. ერთ თვეში საქართველოში საშუალოდ 1000 ადამიანი დაიღუპება და ეს ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის.
შემთხვევები შეიძლება იყოს იქ, სადაც არ გყავს იმუნური ფენა და ეს შეიძლება იყოს ადრეული ასაკის ადამიანებიც, სადაც სიკვდილობა დაბალია. ის ხალხი უნდა გვყავდეს დაცული, ვისაც დიდი რისკი აქვს ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის. რა თქმა უნდა, შემთხვევები შეიძლება იყოს, როგორც მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელში, ბრიტანეთში და ევროპის ქვეყნებში, მაგრამ ამ ქვეყნებს სიკვდილობის მაჩვენებელი ჩამოუვიდათ მინიმალურამდე. ნახევარი წლის შემდეგ ვაქცინაციამ რაც დაანახა კაცობრიობას, იმუნიზაცია ინფიცირებისგან ბოლომდე ვერ იცავს, მაგრამ ალბათობას 60-80 პროცენტით ამცირებს. ბუნებრივად იმუნიზირებული ბევრია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ, სამწუხაროდ, აუცრელი ადამიანებში სიკვდილობის მაჩვენებელი გაგვეზრდება და ეს ციფრები იქნება სავალალო...გააგრძელეთ კითხვა.