"აგვისტო იქნება უმძიმესი. ამ ტალღის შედეგად ათობით კი არა, ასობით ადამიანის სიცოცხლე დაიკარგება" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საქართველოში შექმნილ მძიმე ეპიდვითარებაზე საუბრობს და პროგნოზირებს, რომ აგვისტო უმძიმესი თვე იქნება. მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი ტალღის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპება.
"თქვენ ხართ უმძიმეს სიტუაციაში და სიმართლე რომ გითხრათ, მე არ მინდა ვიყო თქვენს მდგომარეობაში. ძალიან მძიმეა ის, რასაც თქვენ აკეთებთ. იმდენი შეცდომა დაუშვით, რომ სპეციალურადაც რომ გააკეთო, ამდენ შეცდომას მაინც ვერ დაუშვებ. აგვისტო იქნება უმძიმესი. ამ ტალღის შედეგად ათობით კი არა ასობით ადამიანის სიცოცხლე დაიკარგება. ერთმანეთის ლანძღვის, ერთმანეთის გაშავებისა და ერთმანეთის პიარის დრო ნამდვილად არ არის. ახლა ერთადერთი რამის დროა - დავეხმაროთ ერთმანეთს. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. არჩევნები იწყება ოქტომბერში. ეს ნიშნავს, რომ წინა საარჩევნო პერიოდში იქნება შეხვედრები, მიტინგები და უპირბადო შეხვედრები, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის მძიმე მდგომარეობას. მე ვარ ღია და ყველას დავეხმარები უანგაროდ. მთავარია გადავარჩინოთ ერთი სიცოცხლე მაინც",- აცხადებს გიორგი ფხაკაძე.