"დელტა ვარიანტის სწრაფი ზრდის პირობებში ეს არის არასწორი" - ივანე ჩხაიძე
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, აგვისტოში დელტა შტამი ფართოდ გავრცელდება, შესაბამისად, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ვაქცინების არჩევის დრო აღარ არის.
„ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება Pfizer-ის ვაქცინას. დელტა ვარიანტის სწრაფი ზრდის პირობებში ეს არის არასწორი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ოთხივე ვაქცინა, რომელიც საქართველოშია, იცავს ადამიანს დელტა ვარიანტით ინფიცირებისგან, სხვადასხვა პროცენტით, მაგრამ ყველა იცავს. Pfizer-ის ვაქცინა, რა თქმა უნდა, უფრო მეტი პროცენტით ეფექტიანია, ვიდრე სხვა ტიპის ვაქცინები, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ინფიცირებისგან დაცვის ეფექტიანობა, არამედ ვაქცინის გაკეთების ძირითადი მიზანი - დაგვიცვას მძიმე შემთხვევებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან, გარდაცვალებისგან“, - განაცხადა ჩხაიძემ.