"ინდური შტამი" ცუდი, აგრესიული გამოდგა, ბავშვებისთვის სახიფათო, მაგრამ ჯერ მას გარდაცვალების ზრდა არ გამოუწვევია" - თენგიზ ცერცვაძე
"ინდური შტამი" ცუდი, აგრესიული გამოდგა, ბავშვებისთვის სახიფათო, მაგრამ ჯერ მას გარდაცვალების ზრდა არ გამოუწვევია, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიც ცერცვაძემ "პირველ არხთან" განაცხადა.
ცერცვაძემ მსოფლიოში გავრცელებულ კორონავირუსის ახალ შტამ "ლამბდაზეც" ისაუბრა და განაცხადა, რომ რიგ შემთხვევებში, ვირუსი რთულად მიმდინარეობს.
„ლამბდა სულ ახალია, ჯერჯერობით ვაქცინა ცნობილი არ არის. საბედნიეროდ, ჯერ მხოლოდ პერუშია, ინდურისგან განსხვავებით, სხვაგან არ გავრცელებულა. ამიტომ, ჯერ მასზე ცნობები არ არის. ამბობენ, რომ ინდურზე არანაკლებ საშიშია, საბედნიეროდ, ჩვენ არ გამოგვიცდია. ინდური შტამი რამდენად საშიშია ვხედავთ, ძალიან სწრაფად ვრცელდება.
ეპდვითარება გაუარესებულია, უკვე 2 000 შემთხვევას გადავაჭარბეთ, ბავშვები ავადდებიან, ორი ჩვილი გარდაიცვალა. ბავშვთა ასაკის ამდენი საწოლი არასდროს ყოფილა დაკავებული. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ლამის ორჯერ გაიზარდა.
კორონავირუსით სიკვდილიანობა გაიზარდა, მაგრამ არაპროპორციულად, ანუ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შედარებით დაბალი რჩება. ასე რომ, ინდური შტამი ცუდი, აგრესიული გამოდგა, ბავშვებისთვის სახიფათო, მაგრამ ჯერ მას გარდაცვალების ზრდა არ გამოუწვევია. რა თქმა უნდა, ინდური შტამი დომინანტური გახდება. სადაც ინდურმა შტამმა ფეხი შედგა, ყველგან დომინანტური გახდა და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. ლამბდა შტამზე ამბობენ, რომ მას განსხვავებული თვისებები აქვს და რიგ შემთხვევებში, რთულად მიმდინარეობს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.