"საღმა აზრმა გაიმარჯვა. სწორი გადაწყვეტილებები მიიღეს" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრრივი ჯანდაცვის ექსპეტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს მიერ კოვიდპანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა დააგვიანეს.
"საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებებს გავეცანი. საღმა აზრმა გაიმარჯვა. სწორი გადაწყვეტილებები მიიღეს, მართალია, ძალიან დააგვიანეს და ეს გადაწყვეტილება 1 ივლისს რომ მიღებულიყო, ახლა სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა ქვეყანაში - ნაკლები სიკვდილიანობა, ნაკლები დაინვალიდება, ნაკლები პრობლემები ჯანდაცვაში. მაგრამ რაც არის, არის.
მთავარია, რომ ახლა სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რასაც სრულიად ვეთანხმები. ფაქტიურად ყველა პუნქტს ვეთანხმები. მეტიც, დავამატებდი, რომ უფრო მკაცრებიც უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზების გამო მეტს ვერ აკეთებენ.
ძალიან სწორად მოიქცნენ, რომ ქვეყანა არ ჩაკეტეს. მე ამ ბოლო დროს წინააღმდეგი ვიყავი ქვეყნის ჩაკეტვის, რადგან ბოლო სამი ჩაკეტვით ვერაფერი ვისწავლეთ და აზრი არ ჰქონდა. ე.წ. წერტილოვანი, მიზანდასახული რეგულაციები მიღებულია. ახლა მთავარია ამ რეგულაციების აღსრულება;
ერთადერთ კომპონენტში არ ვეთანხმები, რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მე ვთვლი, რომ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს სხვანაირად ორგანიზებული. პირიქით, უნდა იყოს ბევრი ავტობუსი, რომ ტრანსპორტში ნაკლები ხალხი იყოს. მეტრო კი დასაკეტია.
1-ლი სექტემბრიდან აუცილებლად უნდა შემოვიღოთ QR პასპორტები ანუ ე.წ. მწვანე საშვები ყველასთვის, ვინც არის აცრილი, ვინც გადაიტანა კოვიდი და ვისაც აქვს 72 საათის განმავლობაში აღებული პისიარ-ტესტი.
სრულიად ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პისიარ ტესტი არ უნდა ფინანსდებოდეს, თუ ადამიანი აცრაზე უარს ამბობს. ვაქცინა კი უნდა იყოს უფასო.
კიდევ ერთი საკითხი - ზოგიერთებმა საველე ჰოსპიტლების თემა წამოწიეს. ქვეყანას არავითარი საველე ჰოსპიტალი არ სჭირდება. საქართველოში 17 000 საწოლია. მათგან 2000 – 3000 ათასს ხელს ვერ მოჰკიდებ, სპეციალიზირებულია, ფსიქიატრიული და ა.შ.. დანარჩენი საწოლები უნდა გამოვიყენოთ. ყველა სამედიცინო დაწესებულება ამ რეჟიმზე უნდა გადავიდეს დაახლოებით 4-6 კვირა.
მე არ ვიცი, რა ხდება მთავრობის შიგნით, მე არ ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, მაგრამ ახლა დავინახე, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვა, ვთქვათ სიმართლე.
ვინ გაიტანა ეს საღი აზრი?! რასაც ბოლო დღეები ვუყურებ, აშკარად ჯანდაცვის მინისტრის საღმა აზრმა გაიმარჯვა. მოდით, ყველამ გადავდოთ პოლიტიკა და ვაღიაროთ, რომ ჯანდაცვის მინისტრს ეს პოზიცია რამდენიმე ხანია, რაც ჰქონდა, ყველა ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ საბოლოოდ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
გავიმეორებ, დღეს მიიღეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც ბოლო პერიოდში მომისმენია ამ გუნდისგან. ამჯერად ეს იყო მეცნიერებაზე, გამოცდილებაზე და საღ გონებაზე აწყობილი გადაწყვეტილება. აქამდე უამრავი შეცდომა იყო დაშვებული. სულ ვამბობდი, რომ თავის შეცდომებზე არ სწავლობენ-თქო. ახლა, ალბათ, დადგა დრო, რომ საბოლოო ჯამში ისწავლეს.
ეტყობა, ძალიან უნდა გაგვიჭირდეს, რომ სწორად მოვიქცეთ. სიტუაცია ეტყობა, არის გაცილებით მძიმე, ვიდრე გვეუბნებიან, ამიტომაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება და არა იმიტომ, რომ უხარიათ.
ყველაფერი იქნება კარგად. დღევანდელი გადაწყვეტილებების შედეგს 3-4 კვირაში დავინახავთ. ლოკდაუნი რომ გაეკეთებინათ, შედეგი იქნებოდა 2 კვირაში, მაგრამ რაც არის, არის, მაინც კარგი გადაწყვეტილებაა.
მთავარია, რომ ქვეყანას აღარ კეტავენ, რაც სწორია. ვერც ეკონომიკა და ვერც ხალხის მენტალობა ამას ვერ გაუძლებდა.
ყველაზე მეტად რაშიც ვეთანხმები, ეს არის „მწვანე საშვი“ და ის რაც შეიძლება, მალე უნდა დაინერგოს.
სამედიცინო პირბადეებზე უფრო მკაცრი რეგულაციები უკეთესი იქნებოდა. სწავლის დაწყებს თარიღის გადატანაზე მაინც თავი შეიკავეს, არჩევნების გამო. უკეთესი იქნებოდა, ოქტომბრის მეორე ნახევრისთვის გადაედოთ სწავლა. და კიდევ ერთი, რაც ვერ გაბედეს, ეს არის ბავშვების ვაქცინაცია 12 წლიდან „ფაიზერით“.
სწორია, რომ ყველა ფეხმძიმე და მეძუძური უნდა აიცრან, რა თქმა უნდა, ფაიზერით.
მე ვფიქრობ, ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე - დაბალფასიანი, მაღალი ხარისხის სამედიცინო პირბადეები ქვეყანაში არის, ფაიზერი არის, დღეში 25 000-,დე იცრება და პანდემიის პროცესის მართვაზე დღეს სწორი გადაწყვეტულებები მიიღეს.
ვფიქრობ, ჩემი მისია ამ ეტაპზე ამოწურულია. ჩემი ლაივების საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. რასაც გიზიარებდით, მოვუწოდებდი, ვუჩიჩინებდი, მე მგონი, გაკეთდა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო. მე ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთე, რაც ერთ ადამიანს შემეძლო, გამეკეთებინა, დანარჩენი თქვენზეა.
ყველაფერი შესაძლებელია. როცა რაღაცის გულწრფელად გჯერა და ამ რაღაცისთვის ყველაფერს აკეთებ არა ანგარებით, არამედ გულით.
გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას! ყველაფერი კარგად იქნება!", - წერს ფხაკაძ.