თეგებით ძიება

"უდავალებოდ, უყურადღებოდ დატოვებული ჩვენი შვილების მეხსიერება ღრუბელივით ისრუტავს ფეისბუქურ მითოლოგიებს" - რას წერს ფეისბუქის მავნე ზეგავლენაზე პედაგოგი

პედაგოგი, ნანა ბეკოშვილი სოციალურ ქსელში, მოზარდებზე ფეისბუქის გავლენაზე წერს:

"ფეისბუქის მავნე ზეგავლენა მოზარდებზე

ზაფხული იწურება, პერიოდი, რომელიც გონებრივი და ფიზიკური დასვენებისთვისაა განკუთვნილი როგორც უფროსებისთვის, ისე ჩვენი მოზარდებისთვის. იყო დრო, როცა ბავშვებისთვის საზაფხულო დავალებების მიცემა აუცილებელ და სავალდებულო პირობად ითვლებოდა თითქმის ყველა საგანში, მაგრამ რამდენად აღსრულებადი იყო მოსწავლეთა მხრიდან, ეს ყურადღების მიღმა რჩებოდა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ აღნიშნული აქტივობა არამიზანშეწონილია და პედაგოგიკის სფეროს მუშაკებიც ღიად საუბრობენ ამაზე, მაგრამ საგულისხმო ფაქტია, რომ ინტერნეტის და ფეისბუქის ხანაში მარტო დარჩენილი მოზარდებისთვის არასახარბიელო, სახიფათო ტენდენციაა ზაფხული სოციალურ ქსელთან ერთად.

რით არის თანამედროვე ბავშვი დაკავებული ზაფხულობით? რისთვის იყენებს ინტერნეტს? რა ინტერესები და მისწრაფებები აქვს მას ფეისბუქში? (აღარაფერს ვამბობ სხვა საიტებზე, რომლითაც შესაძლოა ისინი სარგებლობდნენ).

მე დროდადრო ვადევნებ ხოლმე თვალს ჩემი მოსწავლეების ფეისბუქურ აქტივობებს და ერთი შეხედვით უწყინარ ეგრეთწოდებულ ,,პოსტებს", რომელთაგან ზოგიერთი შედარებით შემეცნებითია, ზოგიერთი - მდარე იუმორი, ზოგიერთი - უმეტესწილად დეზინფორმაციის შემცველი სიახლე, მაგრამ რეალურად კი - არცერთი მათგანი სასარგებლო! მაგალითისთვის: პირობითად, ვინმე ციცო დეიდას გაზიარებული ,,პოსტი" იმდენად პრიორიტეტული აღმოჩნდება ხოლმე ბავშვისთვის, რომ მას არც მეტი, არც ნაკლები - ლიტერატურულ თხზულებაში იყენებს არგუმენტად. ფრაზები და ამონარიდები, რომლებსაც ასე აქტიურად ვაზიარებთ, ხშირ შემთხვევაში უავტოროა, ან დამახინჯებული, ან არასწორად მითითებული ავტორით და მთელი ეს ,,სიბრძნეები" ნებით თუ უნებლიედ, წარმოუდგენელი სიზუსტით ილექება წიგნიერებას მოწყვეტილი ბავშვის გონებაში.

და რა გამოდის? გამოდის ის, რომ უწიგნოდ, უდავალებოდ, უყურადღებოდ დატოვებული ჩვენი შვილების მეხსიერება ღრუბელივით ისრუტავს ფეისბუქურ მითოლოგიებს და ფაქტობრივად, არსად მიჰყავს.

ეს ყველაფერი არახალია, ამაზე სხვა დროსაც მითქვამს და დამიწერია, ამაზე სავარაუდოდ, თქვენც გიფიქრიათ, მაგრამ გზა ვერ გვიპოვია ამ რეალობის შესაცვლელად.

ცხადია, გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს, მაგრამ მე შევეცადე ზოგადი სურათი დამეხატა.

ალბათ გაიფიქრებთ, იძულებითი კითხვა არაფრის მომცემი და მტანჯველიაო, მაგრამ ამის საპასუხოდ გეტყვით, რომ ბავშვობაში ,,იძულებით" წაკითხულმა წიგნებმა გაგვილამაზეს ჩვენი ბავშვობის ზაფხულები, გვამოგზაურეს თვალით უხილავ კუნძულებზე, გემით გვატარეს ზღვაზე ამოვარდნილ შტორმში, გვაპოვნინეს კლდეში დამალული საგანძურები, მძაფრი სიყვარულით შეგვაყვარეს პერსონაჟები, გვატირეს კიდეც, მაგრამ საბოლოოდ... გაგვზარდეს!

თუ ახლა შენ ამას კითხულობ, დამერწმუნე, რომ ფეისბუქი უძლურია ამ განცდებისთვის, ჩემო ძვირფასო მოსწავლევ. ნუ მიაქცევ ყურადღებას უშინაარსოს, არაღირებულს, საეჭვოს - საეჭვო ავტორებით, მეტიც - ნუ გამოიყენებ მათ ლიტერატურულ თხზულებაში. და თუ დედამ, ან მამამ ხანდახან ტელეფონი დაგიმალეს და წიგნის წაკითხვა მოგთხოვეს, ნუ გაუნაწყენდები.

მე კი, შენს მასწავლებელს მომიტევე, შენი ზაფხულის სხვანაირად დაგეგმვა რომ მწადია. მიყვარხარ და მხოლოდ ამიტომ!", - წერს ნანა ბეკოშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა