საქართველოში British Airways-ის შემოსვლა მნიშვნელოვანი წინაპირობაა აშშ-სთან პირდაპირი ფრენების დაჩქარების კუთხით
ასეთი ძლიერი გლობალური ავიაკომპანიების შემოსვლა ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ეს ჩვენი ქვეყნის აღიარებაა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში British Airways-ის შემოსვლას.
მისი თქმით, პრიორიტეტს წარმოადგენს აშშ-სთან პირდაპირი ფრენების დაწყება და საქართველოს ავიაბაზარზე ბრიტანული ავიაკომპანიის შემოსვლა ამ პროცესის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
„ეს რა თქმა უნდა დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაზე. ჩვენთვის დიდ პრიორიტეტს წარმოადგენს აშშ-სთან პირდაპირი ფრენების დაწყება, რა მიმართულებითაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამერიკულ კომპანიებთან. British Airways-ის შემოსვლა მნიშვნელოვანი წინაპირობაა აშშ-სთან პირდაპირი ფრენების დაჩქარების კუთხით, რადგან ამ ავიაკომპანიას თავის მხრივ აქვს ძალიან კარგი კავშირი დიდი ბრიტანეთიდან აშშ-ის მიმართულებით. ჩვენ ვაპირებთ, რომ ძალიან აქტიური მარკეტინგული კამპანიები ვაწარმოოთ დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა გაიზარდოს“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
საქართველოს ავიაბაზარზე British Airways-ი შემოდის.