თეგებით ძიება

ადამიანს თავისი თავი როგორიც მოწონს, იმაზე რომ იზრუნოს და ჩვენ თავი დავანებოთ, რა დაშავდება ამით? - მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი  „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

ბევრ ადამიანს არ მოსწონს თავისი თავი ისეთი, როგორიც დაიბადა, ანუ ღმერთმა როგორიც შექმნა. იმისთვის, რომ ადამიანმა კომფორტულად იგრძნოს თავი და ბედნიერი იყოს, ხშირად მისი თანდაყოლილი სხეული საკმარისი არ არის. ბევრი მიმართულებით ცდილობს ადამიანი შეიცვალოს და ამას ზოგჯერ საკუთარი ფიზიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად აკეთებს, ზოგჯერ მენტალური, ზოგჯერ უბრალოდ ასე უნდა და მორჩა. იკეთებს, მაგალითად, გულის მანკის ოპერაციას (ღმერთმა მანკით გააჩინა, მაგრამ არ ეპუება და უნდა რომ უფრო ჯანმრთელი იყოს და ამისთვის დიდი ძალისხმევა ჭირდება). ზოგი თმას ინერგავს. რატომ? ღმერთმა გააჩინა ისეთი, რომ გენეტიკურად მას ამ ასაკში თმა არ უნდა ქონოდა. ეს ხომ მის ჯანმრთელობას არ ემუქრება? არა, უბრალოდ სარკეში რომ იყურება, მელოტი თავი დისკომფორტს უქმნის. ზოგს ცალი ფეხი მოკლე აქვს, არ უშლის, მაგრამ ეს არ მოსწონს და იკეთებს ოპერაციას. 

უამრავი ადამიანი უამრავ პლასტიკურ ოპერაციას იკეთებს, რადგან აღარ უნდა ისე გამოიყურებოდეს, როგორიც ღმერთმა გააჩინა და საერთოდ აღარ გავს ხოლმე თავის თავს.

ადამიანები დადიან ფიტნეს ცენტრებში, და არა მარტო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, არამედ ჯანმრთელობისთვის სრულიად არასაჭირო გიგანტური კუნთების დასაყენებლად. სვამენ უამრავ პროტეინებს და სხვა დანამატებს, რითაც ხშირად საშინლად იზიანებენ ღვიძლს. იმიტომ, რომ არ მოსწონთ თავი ისეთი, როგორიც ღმერთმა გააჩინა და მათი კომფორტის და მენტალური ჯანმრთელობისთვის ეს ჭირდებათ. 

მაშინ რას ვერჩით იმ ადამიანებს, რომლებსაც თავისი სქესით მინიჭებული სხეული არ მოსწონთ, თავს კომფორტულად და ბედნიერად ვერ გრძნობენ და მათი მენტალური ჯანმრთელობისთვის საჭიროა ეს სხეული სხვანაირი იყოს. ეს ქართულ ადათ-წესებს ეწინააღმდეგება? რას ამბობთ, ჩვენი წინაპრები პროტეინებს ხომ სულ ყანწებით სვამდნენ😊

მაგრამ კარგი, ცალკეული ინდივიდები რომ განიკითხავენ, ჭორავენ, ლანძღავენ და ურტყამენ მათი აზრით განსხვავებულ ადამიანებს, ეს არახალია, მაგრამ ახლა უცებ სახელმწიფომ რომ გადაწყვიტა ადამიანებს აუკრძალოს არ მოწონდეს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც დაიბადა და ამისთვის სამედიცინო სერვისი ჩაიტაროს, ეს საერთოდ წარმოუდგენელია.

სხვადასხვა მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებენ სქესის შეცვლის მავნე გავლენის შესახებ ინფორმაციას და “კვლევების” შედეგებს. ანუ თითქოს ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამო ვაპირებთ ამ სამედიცინო სერვისების აკრძალვას. ერთი შეხედვით „კეთილშობილური მიზანია“, მაგრამ ეს ხომ ტყუილია და ამის გამო არ შემოდის ეს კანონი. ათასობით თინეიჯერში ერთი თუ გადაწყვეტს სქესის შეცვლის სამედიცინო მანიპულაციის ჩატარებას და ამ დროს ასიათასობით ადამიანი, მათ შორის თინეიჯერები, მაგალითად, ალკოჰოლით იკლავს თავს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დონეზე ხომ შედარებაც არ შეიძლება რომელია უფრო საზიანო და რისი პრევენციაა უფრო მნიშვნელოვანი. 

ვიღაც შემოვარდება, ეს ერთი და იგივე არ არისო. ანუ მთავარია, გენიტალიებს არ შევეხოთ და ისე, თუნდაც კისერი გვიტეხია არა? რატომ? სად არის ლოგიკა? ადამიანს თავისი თავი როგორიც მოწონს, იმაზე რომ იზრუნოს და ჩვენ თავი დავანებოთ, როგორც ცალკეულმა მოქალაქეებმა, ისე სახელმწიფომ, რა დაშავდება ამით? - წერს მაია ბუწაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა