ქართველები იტალიელებივით ძალიან სტუმართმოყვარე და თბილი ხალხი ხართ - კრისტიან ძაკარდო
„მილანის“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, კრისტიან ძაკარდომ საქართველოს ნაკრების ვეტერანებთან მატჩის შემდეგ ქართულ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„საქართველო ჩემი მეორე სახლია. აქ უკვე მერვედ თუ მეცხრედ ჩამოვედი. დავესწარი საბერძნეთთან მატჩსაც. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, კარგი თამაში გამოვიდა. შეგვეძლო მოგებაც და წაგებაც, თუმცა პენალტებში გავიმარჯვეთ და კმაყოფილები ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გულშემატკივარმა ისიამოვნა. მინდა, მადლობა გადავუხადო კალაძეს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მოწვევისთვის. ასევე, ყველა თქვენგანს, ვინც თამაშზე მოხვედით. ჩვენთვის სასიამოვნოა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და „მილანის“ დიდებული მაისურით თამაში. მადლობა ყველას და იმედი მაქვს, რომ ყველა თქვენგანი გავახარე.
არ ვიცი, საუკეთესო ვინ იყო, ეს თქვენ უნდა თქვათ. ალბათ გოლების ავტორები, ბორიელო, რომელიც კარგად შემოვიდა და ზეედორფი, რომელმაც გაიტანა. აღარ ვართ ისეთ ფორმაში, როგორც მრავალი წლის წინ, მაგრამ იმედი მაქვს, გულშემატკივარი გავართეთ.
საქართველოს კარგად ვიცნობ, ქართველი და იტალიელი ხალხი ერთმანეთს ძალან ჰგავს, ძალიან სტუმართმოყვარე და თბილი ხალხი ხართ. ბევრი გულშემატკივარი იყო და მადლობა, რადგან როცა აქ ვარ, ყოველთვის კარგად მხვდებიან. საქართველოში სიამოვნებით ჩამოვდივარ. კვარაცხელია ჩემი მეგობარია, ფანტასტიკური, საოცარი ფეხბურთელია და ძალიან მიყვარს. იტალიაში კარგად თამაშობს და ბედნიერი ვარ. კვარა ფანტასტიკური ბიჭია, უფრო და უფრო მოუმატებს, მისი გულშემატკივარი ვარ“, – ამბობს კრისტიან ძაკარდო.