„დედაც წავიდა გარდაცვლილ შვილებთან, ერთად დასაფლავებაც ვერ მოხერხდა, სასაფლაო გადავსებულია“ – კოვიდმა ლამაზი ოჯახი გაანადგურა
„თვალებს გაახელს და შვილებს მოიკითხავს… მერე რა მოხდება, ვერავინ ვფიქრობთ“, – წერდა სამი დღის წინ ჟურნალისტი მარი ჩიტაია, რომელმაც კორონავირუსის გამო დატრიალებული გამყრელიძეების ოჯახის უდიდესი ტრაგედია ფართო საზოგადოებას ამცნო.
დღეს ჟურნალისტმა მესამე, მორიგი მძიმე პოსტი გაავრცელა: „დედაც წავიდა“. კორონავირუსთან ბრძოლაში ერთი ოჯახის სამი წევრი დამარცხდა…
„დედაც წავიდა!.. სულ ცოტა ხნის წინ ვწერდი: „როცა დედა თვალს გაახელს, შვილებს მოიკითხავს!…“ არ მოხდა ასე! დათოს და ზურას შეუერთდა მარადისობაში. სიტყვები უძლურია, ემოციებისგან დავიცალეთ ყველა, ვინც ბოლო 3 კვირის განმავლობაში ამ სტრესს გავდივართ – კოვიდთან ბრძოლის, სიკვდილ-სიცოცხლის სტრესს! დაიმსხვრა ლამაზი ოჯახი თავისი ბიოგრაფიით, რომელიც შეიძლება გარედან ჩვეულებრივი ჩანს, მაგრამ შიგნით, ახლობელთა და ოჯახის წევრებისთვის ბედნიერებას ასხივებდა: ზურა და დათო, უმამოდ გაზრდილები, მაგრამ საოცრად კარგი დედის ასევე გამორჩეული შვილები!
ზურა სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული იყო, ნიჭიერი, ღრმა და სუფთა, კარგი ძმა და მეგობარი, ყველას გვერდში მდგომი, როგორსაც ისურვებდით მეგობრად, ნათესავად ან უბრალოდ, ნაცნობად! ასეთივე იყო დათოც, ზუსტად ასეთი – ერთგული და უღალატო ბიჭი… მადლობა თქვენ ამ სიკარგისთვის, დაგვიანებული მადლობა! ერთმანეთი გაიტანეს ცხოვრებაში და სიკვდილშიც კი!.. კარგი ქართველები დავკარგეთ! დედა-შვილების ერთად დასაფლავებაც ვერ მოხერხდა, სასაფლაო გადავსებულია ახალი მიცვალებულებით, ამიტომ ახლობლები იძულებული გახდნენ, დედის საფლავი შვილებისგან მოშორებით გაეჭრათ! კიდევ ერთი სტრესი! ამ ტრაგედიის მიღმა არის უფროსი ძმა სოსო, საყრდენგამოცლილი და მხრებჩამოყრილი – მოულოდნელად დედის და ძმების გარეშე დარჩენილი.
არყოფნამ გამყრელიძეების ოჯახში დიდი შავი წერტილი დასვა, სახელად „კოვიდი!“ ასეთ ფონზე აზრს კარგავს მოწოდება, რომ ავიცრათ, ეს უკვე ვალდებულებაა, რომლის შეუსრულებლობით შეიძლება გავწიროთ თავი, ოჯახის წევრი, მეგობარი, ნაცნობი და შესაძლოა, სრულიად უცნობი ადამიანიც კი! არ ვიცით, ვის რა ბრძოლა გველის გადარჩენისთვის, ვის გაუმართლებს, ვის – ვეღარ!”, – წერს მარი ჩიტაია სოციალურ ქსელში.