"უბრალოდ, ავიცრათ და გადავრჩეთ" - ზურაბ გურული
აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული საქართველოში არსებულ მძიმე ეპიდვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს.
"კოვიდპანდემიის განმავლობაში მთელ მსოფლიოში არაერთხელ გამოვლინდა ერთი აქსიომა: კლინიცისტებმა ბევრად უფრო უკეთ და ადრე შეძლეს მოვლენების წინასწარმეტყველება, ვიდრე ეპიდემიოლოგებმა. აქვს ამას თავისი ობიექტური მიზეზი და ეს მიზეზი არის ვირუსის ქცევის ლოგიკის განსხვავებული ასპექტები. კლინიცისტი მსჯელობას იწყებს ემპირიული მონაცემების საფუძველზე. როცა ფაქტობრივი მასალა საკმარისად დაგროვდება, მერეღა ახერხებენ ეპიდემიოლოგები სტატისტიკის ლოგიკურად განხილვა-დალაგებას. ცხადია გონიერ, გამოცდილ კლინიცისტებზეა საუბარი. მათზე, ვინც პაციენტებს უშუალოდ მკურნალობს და აკვირდება.
ნიუ იორკმა შარშან ყველაზე სასიკვდილო დარტყმა მიიღო კოვიდისგან. ვაქცინაცია ყველაზე ინტენსიურად ამიტომაც წარიმართა ამ უზარმაზარ მეტროპოლიაში. დელტა ვირუსი ივლისიდან მოყოლებული აქაც დომინანტური გახდა. ფაიზერისა და მოდერნას ეფექტურობა ახალი შტამის მიმართ 90%-დან 80%-მდე ჩამოვარდა, მაგრამ!!!! მაგრამ დაფიქსირდა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი. ჰოსპიტალიზაციების წინააღმდეგ ამ ვაქცინების ეფექტურობა როგორც ადრე იყო 92-95%, ისევ ისეთივე დარჩა. კლინიცისტებს არ შეუმჩნევიათ მძიმე შემთხვევების მატება თავიანთ საავადმყოფოებში. ეს ყველაზე სანდო მაჩვენებელია. ნიუ იორკში 70 % მდეა აცრილთა რაოდენობა. 35% იან მისისიპიში კი საველე ჰოსპიტლებს შლიან უკვე.
აიცერით!!!
ვისაც გადატანილი გაქვთ და რამდენიმე თვეა გასული, აიცერით. მისდიეთ ოფიციალურ გზამკვლევებს. აიცერით ხარისხიანი ვაქცინებით და შეეშვით სულელურ მითებს "ტრადიციულ", უფრო "მსუბუქ" ვაქცინებზე. - თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასაო - ქართული ანდაზაა, გაიხსენეთ.
ნუ უსმენთ მავნებელ შარლატანებს და ფილოსოფოსა ფსევდოკლინიცისტებს, რომლებიც დაუღალავად თესავენ ეჭვსა და შიშს დასტრესილ ხალხში. აიცერით!
გვახსოვდეს, ამ რამდენიმე თვეში ჩვენ არ გვაქვს იმის რეალური შანსი, რომ გამოვცვალოთ მთავრობა, ჯანდაცვის გაუბედურებული სექტორი და მთლიანად ქვეყანა, ამიტომ ნუ გადავეშვებით უაზრო პოლიტიკურ ფილოსოფიებში ახლა, უბრალოდ ავიცრათ და გადავრჩეთ. მერე, თუ ხალისი შეგვრჩება, გავიაზროთ კიდევ ერთი მარტივი ჭეშმარიტება, თუ მთავრობა უვარგისია ეკონომიკაში, საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, უვარგისია ჯანდაცვაშიც!
მაგრამ ახლა უნდა გადავრჩეთ!", - წერს გურული ფეისბუქქზე.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4921 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 58 ადამიანი, ხოლო 4471 პირი გამოჯანმრთელდა.
კოვიდპანდემიის დაწყებიდან, საქართველოში კორონავირუსის 501,297 შემთხვევა დადასტურდა, 6,590 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 436,977 პაციენტი გამოჯანმრთელდა.