თეგებით ძიება

მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიტიკაში მიდის

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი პოიტიკაში მიდის.

reginfo.ge-ს ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და დუისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.

მაჩალიკაშვილი ჯერ არ ასახელებს, რომელი ნომრით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და ამბობს, რომ მისთვის მთავარია, „ქართულ ოცნებას“ შეებრძოლოს. მისივე თქმით, იძულებული გახდა, დუისში საკუთარი კანდიდატურა დაეყენებინა.

„წინააღმდეგი ვიყავი მაჟორიტარად მეყარა კენჭი და ვმუშაობდი, რომ ოპოზიციიდან დამეყენებინა რომელიმე კანდიდატი ან დამოუკიდებელი კანდიდატისთვის დამეჭრა მხარი, მაგრამ ეს შეუძლებელი გახდა. ერთ-ერთი პიროვნება დამთანხმდა, მეორე დღეს კი დამირეკა და მითხრა, რომ უშიშროებამ დაიბარა და მასზე ზეწოლა მოახინეს, რატომ ხარ მაჩალიკაშვილთან ერთადო. ყველას ამ ვითარებაში ამყოფებენ. ფაქტია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადამიანებს პრობლემებს უქმნის. შიშით არავის ეშინია, მაგრამ ეს პრობლემები ხალხს ყელში ამოუვიდა.

რომ მივხვდი, ოპოზიციიდან კაციშვილი არ გადიოდა, იძულებული გავხდი, თავად მეყარა კენჭი. ეს გადაწყვეტილება ჩემი ბრძოლის ნაწილია. „ქართული ოცნება“ უნდა მოშორდეს მართვის სადავეებს. ეს განწყობა პანკისის ხეობაშიც კარგად ჩანს, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება, სუს-ი თუ უშიშრობა, ყველაფერს აკეთებს, რომ დააშინოს ადამიანები, ციხეში ჩაყაროს და ხმებით დაიწყოს ვაჭრობა. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვიქნები, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“, „ლელოდან“ თუ „ლეიბორისტებიდან“. ერთი ვიცი, რომ „ქართული ოცნებიდან“ არ ვიქნები“, –აცხადებს „რეგინფოსთან“ მალხაზ მაჩალიკაშვილი.

დუისის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქი დუისსა და წინუბანს მოიცავს. „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად ელდარ ბაღაკაშვილი დაასახელა, დამოუკიდებელ კანდიდატად კი კენჭს ისლამ მარგოშვილი იყრის.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა