თეგებით ძიება

ირაკლი ღარიბაშვილი - ოკუპაცია ჩვენი მთავარი ტკივილია

ოკუპაცია ჩვენი მთავარი ტკივილია, ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატების მაგალითები, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ ძალიან განვითარებული, მტკიცედ ჩამოყალიბებული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ბევრი წარმატების მიღწევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, სამეგრელოს რეგიონში ვიზიტისას განაცხადა.

"ვაგრძელებთ წინასაარჩევნო შეხვედრებს სამეგრელოში. დღეს მერობის კანდიდატები წარვადგინე: წალენჯიხაში - გოგა გულორდავა, ჩხოროწყუში - დათო გოგუა, მარტვილში - თორნიკე ჯანაშია, სენაკში - ვახტანგ გადელია.

ოკუპაცია ჩვენი მთავარი ტკივილია, ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატების მაგალითები, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ ძალიან განვითარებული, მტკიცედ ჩამოყალიბებული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ბევრი წარმატების მიღწევა.

კეთილდღეობა, ჩვენი მოქალაქეების დასაქმება, სიღარიბის დაძლევა, უმუშევრობის აღმოფხვრა - ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი.
ჩვენ გვჭირდება უანგარო, პატიოსანი მშრომელი მერები, რომელიც 24 საათის განმავლობაში მოემსახურებიან ჩვენს მოსახლეობას.

გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, როგორ უნდა განვავითაროთ კიდევ უფრო მეტად სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოება. 7 მილიარდი ლარის ინვესტირება იგეგმება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის; 2,5 მილიარდი დაიხარჯება ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად.

დღეს თხილის ბიზნესი არის ძალიან წარმატებული, საქართველო მესამე ადგილზეა მსოფლიოში თხილის წარმოების მიხედვით. გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ თხილის წარმოების კუთხით საქართველო გახდეს მსოფლიოში მეორე მწარმოებელი ქვეყანა.
ეკონომიკის სწრაფად აღდგენა პირდაპირ უკავშირდება ვაქცინაციის წარმატებით ჩატარებას.

3 მილიონზე მეტი ვაქცინა შემოვიტანეთ, დღეს ჩვენ გვაქვს უკვე წამალი, რომელიც კურნავს და იცავს ჩვენს მოქალაქეებს სიკვდილისგან.
ეკონომიკა სწრაფად იზრდება, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც არის უპრეცედენტო.
შედეგად, შესაძლებელი გახდა სულ რაღაც 5 თვეში ბიუჯეტის 1,2 მილიარდი ლარით გაზრდა,
დაფინანსდა უამრავი პროექტი, რომელიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული ბიუჯეტში.

ჩხოროწყუში კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაიწყება, ხვალიდან ტენდერს ვაცხადებთ და 5,5 მილიონი დაჯდება რეაბილიტაცია. აუცილებლად აღდგება ლებარდეს კურორტი, რაზეც, ჩემი დავალებით უკვე მუშაობს ტურიზმის დეპარტამენტი.

სხვა უამრავი დამატებითი პროგრამების დაფინანსებას შევძლებთ. იქნება ეს გზების რეაბილიტაცია, გაზიფიცირება, წყალმომარაგება, სკოლების რეაბილიტაცია, ბაღების აღჭურვა თუ სხვა.

2024 წლამდე ქვეყანაში აღარ გვექნება არჩევნები, შესაბამისად, მომდევნო სამი წელი უნდა იყოს აღმშენებლობის, განვითარების და წინსვლის პერიოდი.
ძალიან ღირსეულად, ძლიერად უნდა გავიმარჯვოთ მერვე არჩევნებში, ყველა ქალაქში და მუნიციპალიტეტში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა და განვითარება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის ჩანიშნული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა