მევენახე ფირუზ იორამაშვილს, რომელსაც სეტყვამ ვენახი გაუნადგურა, დაეხმარებიან
მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეები, რომელთაც კახეთში სტიქიის შედეგად სრულად, 100 %-ით გაუნადგურდა ყურძნის მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, სახელმწიფოსგან 1 ჰა-ზე 3000 ლარს მიიღებენ
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სტიქიის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მინიმუმამდე შემცირდეს.
"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სტიქიის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მინიმუმამდე შემცირდეს. მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ იმ ფერმერებსაც, ვისაც სტიქიამ ხილის ბაღები მთლიანად გაუნადგურა და მომავალ წლებში, მოსავლის მიღებას ფაქტობრივად ვეღარ შეძლებენ. აღნიშნული ბაღების ჩანაცვლება-აღდგენის მიზნით, პროგრამის ,,დანერგე მომავლი“ ფარგლებში, ფერმერები სრულ დაფინანსებას მიიღებენ ნერგების და მოხდება სარწყავი სისტემის თანადაფინანსებაც.
ამასთან ერთად, მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეები, რომელთაც სრულად, 100 %-ით გაუნადგურდა ყურძნის მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, სახელმწიფოსგან 1 ჰა-ზე 3000 ლარს მიიღებენ. ფერმერები სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს - 1 გკ რქაწითელს 80 თეთრად, ხოლო 1 კგ საფერავს 1 ლარად ჩააბარებენ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დასეტყვილი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. დასეტყვილი ყურძნის მიღება სახელმწიფო საწარმომ შპს ,,მოსავლის მართვის კომპანიამ“ 27 აგვისტოდან დაიწყო და 3 სექტემბრის ჩათვლით გააგრძელებს. დასეტყვილი ყურძნის მიღება თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ლოკაციებზე უკვე შესაძლებელია. ყველა რესურსი მობილიზებულია, იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად შეძლონ. აღნიშნული სტიქიიდან გამომდინარე, ეს იქნება ადეკვატური პასუხი ჩვენი ფერმერების საჭიროებებზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
„ხელისუფლების წარმომადგენლები იმ დღესვე მოვიდნენ, ნამდვილად არ ველოდი ასეთ მხარდაჭერას - რაც შეუძლიათ მაქსიმალურად გვეხმარებიან. დასეტყვილი მოსავლის იმავე დღეს ჩაბარების შესაძლებლობა მომეცა და თან დასეტყვილ რქაწითელში 80 თეთრს გვიხდიან., ნამდვილად არ ველოდი ამხელა ყურადღებას, დიდი მადლობა ხელისუფლებას მთელი სოფლისგან“ - აღნიშნა ფირუზ იორამაშვილმა.
კახეთის რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში, უპრეცედეტოდ დიდი სტიქიის შედეგად, 5 000 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული განადგურდა. მთავრობამ მოახდინა მყისიერი რეაგირება.