კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო, ბოლო 72 საათში 5 ობიექტი დაილუქა, 6 კი დაჯარიმდა
5 დალუქული და 6 დაჯარიმებული ობიექტი - ეს კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის სანქცირების ბოლო 72 საათის სტატისტიკაა.
შრომის ინსპექციის სამსახურმა ზომები ბიზნეს ობიექტებზე დაფიქსირებული ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობების გამო მიიღო. ერთ ობიექტთან მიმართებით შრომის ინსპექციამ პრევენციული დალუქვის მექანიზმი გამოიყენა. კერძოდ, ბარი ღონისძიების გამართვამდე, დაგეგმილი გასართობი აქტივობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დალუქა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ დარღვევებს შორის კვლავ სოციალური და ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები ჭარბობს. დაჯარიმებულთაგან 5 იურიდიული და 1 ფიზიკური პირია.
მათივე ცნობით, ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 20-ზე მეტი ობიექტი დაილუქა. დაჯარიმდა 46 ბიზნეს ოპერატორი. მათ შორის 29 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი.