თეგებით ძიება

"ირაკლი კობახიძის განცხადება ტყუილია" - "სირცხვილია" ბრალდებებს უარყოფს

მოძრაობა "სირცხვილია" განცხადებას ავრცელებს, სადაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბრალდებას პასუხობს და აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე ცრუობს.

"ვითვალისწინებთ რა, ირაკლი კობახიძის წინა 100 განცხადებას, ვფიქრობთ, რომ მის ბრალდებებზე სერიოზულად პასუხი სასაცილოა. თუმცა ამავდროულად ვითვალისწინებთ მის პოლიტიკურ თანამდებობას და თავს ვალდებულად მივიჩნევთ მას პასუხი გავცეთ.

ირაკლი კობახიძის განცხადება მოძრაობა “სირცხვილიასთან” დაკავშირებით ტყუილია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია “სირცხვილიას” არც ერთ წევრს, არც ერთ საკომუნიკაციო არხსა თუ რეალურ სივრცეში არასდროს განუხორციელებია, რადგან მათგან განსხვავებით, კარგად ვიცით ადამიანის სიცოცხლის ფასი.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ სისტემიდან გაჟონილია უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის მასალები, რომლებიც პრაქტიკულად საჯაროდ ხელმისაწვდომია. აღნიშნული მასალები სრულად გადაამოწმა მოძრაობა “სირცხვილიას” გუნდმაც და მასში მსგავსი კრებსი ფიზიკურად არ არსებობს. თუმცა, ქართულმა ოცნებამ კარგად იცის, რომ მასალები საკმაოდ ვრცელია და მისი გადამოწმება რიგითი მოქალაქეებისთვის ფიზიკურად შეუძლებელია. ამიტომ მიმართავენ მათთვის კარგად ნაცნობ პროპაგანდისტულ ხერხებს - გავრცელებულ მასალებზე დაყრდნობით, ცდილობენ საზოგადოებას საკუთარი ტყუილი სიმართლედ შეასაღონ.

თუ აქამდე მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიებისთვის ფეისბუქზე ყალბ ანგარიშებსა და სამთავრობო მედიებს იყენებდნენ, ახლა თავად ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მოგვევლინა ტროლის როლში (სიზუსტისთვის უნდა ვთქვათ, რომ ეს შემთხვევა პირველი არ არის, თუმცა ამჯერად ბრალდებები კიდევ უფრო მძიმეა).

“ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის ჩვენი მოძრაობა, ჩამოყალიბების დღიდან, გადაულახავი წინააღმდეგობაა, რაც ძალიან გვახარებს.
მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მოძრაობა “სირცხვილია” იქნება ერთ-ერთი ძირითადი აქტორი, რომელიც “სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” პროექტის ფარგლებში არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებსა და შედეგებით მანიპულაციაზე დროულ და გამჭვირვალე, დოკუმენტირებულად დადასტურებულ ინფორმაციას გაავრცელებს. ეს კარგად იცის ქართულმა ოცნებამ და მათი პროპაგანდისტული მანქანა უკვე მთელი ძალისხმევითაა მიმართული ჩვენი მოძრაობის წინააღმდეგ. ამიტომ ყურადღებით ადევნეთ თვალი, პოლიტიკურ პროცესებსა და ჩვენი მოძრაობის აქტივობებს", - ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საჭიროა მსხვერპლი“, „გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“ - ეს არის ფრაზები „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის „სირცხვილიას“ წევრების საუბრებიდან, - ეს განცხადება დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა