ყველაზე უკეთესი პროტოკოლიც კი ვერ იზამს, 60 000 ავადმყოფი რომ გყავს, 60 ადამიანი არ მოკვდეს - თენგიზ ცერცვაძე
ყველაზე უკეთესი პროტოკოლიც კი ვერ იზამს, 60 000 ავადმყოფი რომ გყავს, 60 ადამიანი არ მოკვდეს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პროტოკოლი იყო და რჩება ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში.
„მართვის პროტოკოლი კარგია. ახლა, გადახედვა ხდება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი შესაძლებლობები, რომელიც გამოჩნდა და ჯერ არ არის დამტკიცებული მარეგულირებლის მიერ, წინსწრებით ავსახოთ პროტოკოლში.
ჩვენი ყველაზე უფრო მწვავე ოპონენტებიც კი, ყველაფერს გვიკრიტიკებდნენ, მაგრამ პროტოკოლი არ გაუკრიტიკებიათ. პროტოკოლი იყო და რჩება ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში. სხვათა შორის ახლა ჯანმო-ს დელეგაციაა ჩამოსული, რომელიც ეცნობა კლინიკების საქმიანობას და ჯერ მათ პროტოკოლზე არ გამოუთქვამთ არანაირი შენიშვნა. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ პროტოკოლი არანაირად არ არის გარდაცვალების შემთხვევების მატების მიზეზი.
ადამიანებისთვის მტკივნეულია სიცოცხლის დაკარგვა, 80 გარდაცვლილი, 70 გარდაცვლილი, მაგრამ ნაკლებად უფიქრდებიან იმას, რომ ეს 60 გარდაცვლილი და 80 გარდაცვლილი არის 60 000 ავადმყოფიდან. ამას არ ითვალისწინებენ და პროტოკოლზე ლაპარაკობენ. ყველაზე უკეთესი პროტოკოლიც კი ვერ იზამს, 60 000 ავადმყოფი რომ გყავს, 60 ადამიანი არ მოკვდეს.
227 მილიონი ადამიანი გახდა ავად და 4.6 მილიონი ადამიანი მოკვდა მსოფლიოში. აშშ-ში ყველაზე ძლიერ და მდიდარ ქვეყანაში. 42 მილიონი ავად ჰყავდათ და მოკვდა 685 ათასი. ამერიკაში სიკვდილიანობა იყო 1.61%, ჩვენთან 1.42%. როცა საქართველოს ასჯერ უფრო ძლიერ ამერიკაზე ნაკლები სიკვდილიანობა აქვს და გაცილებით ნაკლები, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში, რომელ პროტოკოლზე და რომელ არასწორ კლინიკურ მართვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 176 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 43 ადამიანი, ხოლო 2 838 პირი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 589 727-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 554 618 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 8 390 პაციენტი ემსხვერპლა.