თეგებით ძიება

"გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩვენი ოჯახის ტრაგედიით... გთხოვთ, არ შეფუთოთ ეს კრიმინალური გარჩევით" - ნიკო კვარაცხელიას მამიდა

თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას მამიდა მედიას და საზოგადოებას მიმართავს და ფაქტების დამახინჯებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. როგორც ნანი კვარაცხელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, შემთხვევა არ იყო კრიმინალურ გარჩევასთან დაკავშირებული.

ძალიან გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩვენი ოჯახის ტრაგედიით, არ დამიმახინჯოთ ფაქტები. პატივი ეცით ნიკოს ხსოვნას, მადლიერი ვარ თქვენით, ნიკოს რომ ასე მოიხსენიებთ. უბრალოდ, ძალიან გთხოვთ, არ შეფუთოთ ეს კრიმინალური გარჩევით. არანაირი კავშირი ნიკოს ამ სამყაროსთან არ აქვს. ნუ აკიდებთ ცოდვებს ბავშვს. ჩემს ძმას ამხელა დანაშაულები რომ ჰქონოდა, თავის ცოლ-შვილს, თავის სამშობლოში და ამ შუაგულ ქალაქში ხუთი შვილით არ აცხოვრებდა. დაწყნარდება ეს სიტუაცია, გაირკვევა მტყუან-მართალი ნიკოს დაფასებისთვის, - განაცხადა ნანი კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ახალგაზრდა ბიჭი დღეს, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

მკვლელობის საქმე შსს-მ გახსნა. "საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა