თეგებით ძიება

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის სახლი პოლიციამ გაჩხრიკა

პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, 22 წლის ნიკო კვარაცხელია მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, გიორგი კავილაძის სახლი პოლიციამ გაჩხრიკა. ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.

ფაქტი ტელეკომპანიას გიორგი კავილაძის მამამ, კონსტანტინე კავილაძე​მ დაადასტურა. მისი თქმით, მის საცხოვრებელ სახლში საპოლიციო ძალები იმყოფებოდნენ.

"პოლიცია აქაც იყო და შემდეგ იქაც დავიკითხე"- აცხადებს იმ ახალგაზრდა მამაკაცის მამა, რომელსაც ფიქრის გორაზე მომხდარი მკვლელობის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.

არსებული ინფორმაციით საქმის სავარაუდო ფიგურანტებმა ქვეყანა უკვე დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ახალგაზრდა ბიჭი დღეს, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

მკვლელობის საქმე შსს-მ გახსნა. "საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა