ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული გარდაბნის საკრებულოს ყოფილი წევრის შვილია
პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, 22 წლის ნიკო კვარაცხელია მკვლელობის საქმეში ბრალდებბული პირები 21 წლის აკო (ალეკო) ჭელიძე და 22 წლის გიორგი კავილაძე არიან.
AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, აკო ჭელიძე გარდაბნის საკრებულოს ყოფილი წევრის, ჯეირან ჭელიძის შვილია.
როგორც დღეს შსს-ში განაცხადეს, პოლიციამ თბილისში ვერაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ.
საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.
სხეულზე მიყენებული დაზიანებებით ნ.კ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის და მათი დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“,- განაცახდეს დღეს უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ახალგაზრდა ბიჭი დღეს, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.