"ახლა გამომიქვეყნეთ, რაც გითხარით ღია ტელეფონით და ჩემგან რაც მოისმინეთ..." - ხატია დეკანოიძის მიმართვა
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში სუს-ის აგენტებს მიმართავს და იმ საუბრის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს, რაც მან დედასთან საუბრისას მათი მისამართით თქვა.
"დილას დედას დავურეკე.
ყოველ დილა, სანამ გავალ ხანდაზმულ მშობლებს ვურეკავ, ვინც მენატრება და ყველაზე მეტად მიყვარს.
ვურეკავ დილას, ველაპარაკები, ვეფერები და უცებ მახსენდება, რომ ჩემს დედიკოსთან, ყველაზე საყვარელ არსებასთან ლაპარაკს ვიღაც სუსის ნაგავი ისმენს. მისმენს და მერე ეს მიაქვს ცნობად უფროსთან, ბიძინას მონასთან. ამის გაფიქრება თავზე ცეცხლს მიკიდებს - დედასთან ჩემს ლაპარაკს ვიღაც მესამე ისმენს..
ახლა გამომიქვეყნეთ, რაც გითხარით ღია ტელეფონით და ჩემგან რაც მოისმინეთ თქვენი მისამართით.
სულ მაგ ბუნაგში ვერ ისხდებით", - წერს დეკანოიძე ფეისბუქზე.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ფაილები გავრცელდა. ათასობით ფაილიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სასულიერო პირებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და რიგით ადამიანებსაც.