თეგებით ძიება

ეკონომიკის სამინისტრო ადასტურებს, რომ ენკა "ნამახვანჰესის" გაჩერებას გეგმავს

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტი "ნამახვანჰესის" მშენებლობა ჩერდება. სამინისტროს ამ განცხადებით ირკვევა, რომ ეს ინფორმაცია მათთვის დაახლოებით ერთი თვის წინ იყო ცნობილი, თუმცა საზოგადოებისთვის ინფორმაცია "ენკას" განცხადებამდე არ მიუწოდებიათ.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ნამდვილად მიიღო კომპანია „ენკასგან“ წინასწარი შეტყობინება პროექტიდან ერთი თვის შემდეგ შესაძლო გასვლის შესახებ. კომპანია ერთი თვის თავზე გეგმავს ხელშეკრულების მოშლას, რაც წინასწარ გვაცნობა.

მთავრობის მხრიდან კეთდება ყველაფერი, რათა მოიხსნას კითხვები პროექტის შესახებ, მეტიც, ამისათვის მივმართეთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მედიატორს - ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვის საბჭოს და მასში ჩართვის მიზნით მოვიწვიეთ ნამახვანის პროექტით დაინტერესებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებრივი ჯგუფი. იმედი გვაქვს, რომ პროცესი პოზიციების დაახლოებითა და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდება.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროექტი არის კომპლექსური და ამდენად, ინვესტორები მსგავსი პროექტის განხორციელებისას არაერთ სირთულეს აწყდებიან. თუმცა ისიც ცხადია, რომ პროექტი არ არის მარტივი, მას აქვს ეკოლოგიური, სოციალური და ტექნიკური ხასიათის გამოწვევები და ამდენად, როგორც მთავრობის, ასევე ინვესტორის ვალდებულებაცაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პროექტში შემავალი ცალკეული მახასიათებლების ხელახალი შესწავლა გაიმართოს".

ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია, ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს და უარს ამბობს $800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენებაზე, რომელსაც თვეების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა აქტივისტების ჯგუფი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა