მთავრობა 2022 წლისთვის კოვიდპაციენტების მკურნალობის ხარჯებს ამცირებს
2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომდევნო წელს საქართველოს მთავრობა COVID-19-ის პაციენტთა მართვაზე 500 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც მიმდინარე წელთან შედარებით 310 მილიონი ლარით ნაკლებია.
აღნიშნული ცვლილება, მთავრობის მიერ ვირუსით ავადობის შემცირებული პროგნოზით არის განპირობებული. პაციენტთა მართვასთან ერთად, ბიუჯეტში 50 მილიონი ლარია გათვალისწინებული იმუნიზაციის პროგრამისთვის.
მთლიანობაში ჯანდაცვის პროგრამების საერთო ხარჯი 1.73 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული, რაც 2020 წელთან შედარებით 277 მილიონი ლარით ნაკლებია. კლების მთავარი მიზეზი COVID-19-ის მართვის ბიუჯეტის შემცირებაა.
იმისთვის, რათა მთავრობის პროგნოზი შემცირებულ ავადობასთან დაკავშირებით გამართლდეს, ამისთვის აუცილებელია მოსახლეობის ვაქცინაცია გეგმის მიხედვით წარიმართოს და წელს ზრდასრული მოსახლეობის 60% აიცრას. თუმცა, სექტემბრის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში ახალი ვაქცინაციების რიცხვმა მკვეთრად იკლო. NCDC-ის მონაცემებით, დღემდე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 989,294 ადამიანი არის აცრილი. მათ შორის ორჯერადად ვირუსის საწინააღმდეგო აცრა 828,964 ადამიანს აქვს გაკეთებული.
bm.ge