თეგებით ძიება

"ეს არ იყო ჩამოსვლის პირველი მცდელობა, პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა" - სააკაშვილის ინტერვიუ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოსვლის სხვა მცდელობაც ჰქონდა, რომელიც კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა. ექსკლუზიური ინტერვიუ ექსპრეზიდენტთან "მთავარმა არხმა" ჩაწერა.

1. თქვენი საქართველოში ჩამოსვლის ისტორია დიდი დაბრუნების ისტორიაა, რადგან მხოლოდ დიდ დაბრუნებას შეუძლია, ასე ელვისებურად შეცვალოს რეალობა. თქვენი საქართველოში ჩამოსვლა ეს იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის პრაგმატული გადაწყვეტილება, რომელმაც იგრძნო, რომ პოლიტიკურ პროცესებს მისი მონაწილეობა სჭირდებოდა, თუ ეს იყო სამშობლოს მონატრებით დაღლილი მიხეილ სააკაშვილის ემოციური და გულის კარნახით გადადგმული ნაბიჯი?

პირველი, ეს იყო დაუძლეველი, უსაზღვრო მონატრება. ყოველ ღამეს მესიზმრებოდა საქართველოს სხვადასხვა ადგილები, პეკინის ქუჩა, ჩემი სადარბაზო, რუსთაველი, ვერა და 51-ე სკოლა, პირველი ექსპერიმენტული სკოლა, ბორჯომი, ბათუმი, ანაკლია, გაგრა... მეორე, ეს იყო რაციონალური, დიდი ხნის დიდი ხნის ნაფიქრი დასკვნა, როცა ვუყურებ დემოგრაფიას, გეოპოლიტიკას, შიდა ინსტიტუციების ჩამოშლას და ვფიქრობ, რომ ამ ხაზის მიღმა უკვე ისეთ ზონაში გადავდიოდით, რომ ამ ხაზიდან მობრუნება შეუძლებელი იქნება...

2. რამდენი ხანი ემზადებოდით ჩამოსვლისთვის? მესმის, გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერს ვერ გვეტყვით, მაგრამ რისი მოყოლაც შეგიძლიათ, მოგივიყევით როგორ აღმოჩნდით საქართველოში. იყო თუ არა ეს დიდი რისკი და დისკომფორტი, რამდენად დიდი გზა გაიარეთ, რისი გეშინოდათ?

ვემზადებოდი დიდი ხანი, ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა. ყველაფერი არ განვითარდა ზუსტად ისე, როგორც ვგეგმავდი, რაღაცები ისე გაკეთდა, რომ პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა. მთლიანობაში, ეს არ იყო ბიზნესკლასის ვოიაჟი, არც ის, რასაც ახლა მედიაში აღწერენ.

3. ყველა, ვისაც თქვენი უკრაინაში დაბრუნება უნახავს, საქართველოში თქვენი ჩამოსვლაც დაახლოებით ასე წარმოედგინა - საზღვრის დემონსტრაციულად გადმოკვეთა, მხარდამჭერებით გარშემორტყმული სააკაშვილი, ხმაური და ერთგვარი პოლიტიკური შოუ. თუმცა, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. ფარულად და უხმაუროდ, რატომ? ხომ არ გარისკეთ? თქვენ ხომ იცოდით, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია სწორედ იმიტომ მოკლეს, რომ პოლიტიკიდან არ წავიდა და დევნილობიდან სამშობლოში დაბრუნდა... თქვენს ჩამოსვლას ზვიად გამსახურდიას დაბრუნებას ადარებენ, თავად თუ ხედავთ ამ პარალელს?

იმიტომ არ გავრისკე, რომ ამ სცენარში ძალიან ადვილი იქნებოდა გასროლა, აფეთქება, ჟლეტა და მერე ყველაფრის ჩვენზე გადმობრალება. 90-იანი წლების შემდეგ, მე ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიადზე ხიბულაში. დიახ, მე მაქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია იმ გაგებით, რომ ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას და ძალიან განვიცდიდი აი ამ მიტოვებულ, დამოუკიდებლობის მომტან პრეზიდენტს. ჩემს ჩამოსვლასთან პირდაპირ პარალელს არ გავავლებდი. ჩამოვედი იმიტომ რომ მსურდა წამოსვლა და სხვანაირად არ შემეძლო და მიმაჩნია, რომ ეს მართლაც არის კრიტიკული წერტილი ჩვენი ისტორიის.

4. ბათუმში გადაღებულმა თქვენმა ვიდეომიმართვამ საქართველოს პოლიტიკური აწმყო შეცვალა. ჩანს, რომ ამ ვიდეოს გასაჯაროებამდე "ოცნების" ხელისუფლებას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა და თქვენი ძებნა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო. რატომ გადაწყვიტეთ ამ ჩანაწერის გასაჯაროება პირველში? რატომ არა, მაგალითად, არჩევნების დღეს, რაც შეიძლებოდა, კიდევ უფრო დამაბნეველი ყოფილიყო ხელისუფლებისთვის? შეუძლებელია, არ გცოდნოდათ, რომ ადრე თუ გვიან დაგიჭერდნენ და შეუძლებელია არ გეფიქრათ ამაზე.

როდესაც გავასაჯაროვე, ვიცოდი, რომ კამერებიდან ამოღებული ჩანაწერებით სწრაფად გვიპოვიდნენ. იმიტომ რომ ყველაზე ბევრი კამერა სწორედ იმ ადგილში დგას, სადაც ვიდეოებს ვიღებდი.

5. იმ 3 თუ 4 დღეში რისი ნახვა მოასწარით, სად იყავით?

ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილზე. რიკოთზე გეახელით ლობიანს და დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და სამწუხაროდ, მხოლოდ 1 ცალის შეჭმა მოვასწარი.

6. თქვენი ქვეყანაში დაბრუნების ხელშეწყობისთვის უკვე სამ ადამიანს მიუსაჯეს წინასწარი პატიმრობა. რას ეტყვით მათ და მათ ოჯახებს?

ეს ხალხი არის დიდი უსამართლობის მსხვერპლი და მალე იქნებიან გარეთ. ასეთ ხალხზე დგას ეს ქვეყანა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ექსპრეზიდენტი დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა