თეგებით ძიება

ეკატერინე ტიკარაძე - იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეირჩევა ჯგუფის მუშაობის ინტენსივობა და ფორმატიც

არ მაქვს მისი ახლანდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა საჭიროება იქნება გამოკვეთილი, შეირჩევა ჯგუფის მუშაობის ინტენსივობაც და ფორმატიც, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის შესახებ განაცხადა, რომელიც საპყრობილეში უკვე მე-13 დღეა შიმშილობს.

როგორც იუსტიციის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ტიკარაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმსაც არ ჰქონდა აღებული უფლება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მათთვის გაეზიარებინა, შესაბამისად, ელოდებიან პაციენტისგან თანხმობას.

„ექსპერტთა ჯგუფი შევახვედრეთ პაციენტის პირად ექიმს, რათა მომხდარიყო მათ შორის კომუნიკაცია და სწორედ ამ შეხვედრით მიგვეღო დასტური იმის შესახებ, რომ ეს ექსპერტები არიან მისაღები პირველ რიგში, პაციენტის პირადი ექიმისთვის.

ამ ეტაპისთვის ჩვენ ველოდებით პაციენტისგან თანხმობას, რომ შესაძლებელია მან გაუზიაროს ექსპერტებს ჯანმრთელობის ის მონაცემები, რომელიც მის პირად ექიმს გააჩნია. იმის შემდეგ კი, როცა დასტურს მივიღებთ პაციენტისგან, უკვე ჩაერთვებიან ექსპერტები ამ მოცემული ჯგუფის სამუშაო რეჟიმში. გვიჭირს ხოლმე კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, რაც არის კონფიდენციალური. ხშირად აღვნიშნავთ იმას, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე შეეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურია და ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბროთ“,- განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს არ ჰქონია თანხმობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღეს ესაუბრა.

„მის პირად ექიმსაც არ ჰქონდა აღებული უფლება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენთვის გაეზიარებინა. ველოდებით ამ ეტაპზე პაციენტისგან თანხმობას და ამის შემდეგ დავიწყებთ მსჯელობას როგორც არსებულ მდგომარეობაზე, ასევე საჭირო ყველა გამოსავალზე, რაც შემდგომში შეიძლება საჭირო გახდეს.

არ მაქვს მისი ახლანდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა საჭიროება იქნება გამოკვეთილი, შეირჩევა ჯგუფის მუშაობის ინტენსივობაც და ფორმატიც. ამ ეტაპზე მუშაობს პენიტენციური სამსახურის სამედიცინო ჯგუფი, რომელიც არის საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის. ყოველივე ამის შეჯერება მათთან ერთად მოხდება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ექსპრეზიდენტი დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა