"ეგღა მაკლია, ჩემი კომპანია სულელ ქალს ჩავუგდო ხელში, შენი ძმები ნარკომანები კი არა, მკვდრებიც რომ იყვნენ, შენს თავს მაინც მირჩევნიაო" - სამშენებლო კომპანიის მფლობელი ქალიშვილს
საზოგადოებრივი კამპანიის "მეც შვილი ვარ" ფეისბუქ გვერდზე მორიგი ისტორია ვრცელდება:
"უკვე ბევრი წელია, რაც მამაჩემს სამშენებლო კომპანია აქვს. ამ ბოლო დროს დაბერდა და უნდა, რომ მისი უამრავი საქმე და ცოდნა მისმა ვაჟებმა გადაიბარონ, რომ კომპანიამ შეუფერხებლად იფუნქციონიროს.
ჯერ ჩემს უფროს ძმას გადაეკიდა, ბიზნესის მენეჯმენტი სულ ძალით და მუქარებით შეასწავლა, მაგრამ ჰალსტუხს ამ ადამიანმა ზუსტად 2 თვე გაუძლო და შემდეგ თქვა, არ მაინტერესებს მე ეს საქმე, თუ გინდა ჩამომახრჩეო, ჩაიცვა თავისუფალი ტანსაცმელი და დრაგებით და სწრაფი მანქანებით „კაიფი“ გააგრძელა.
მერე მეორე ძმას გადაეკიდა მამა, როცა დაინახა, რომ ამისგან არაფერი გამოდნებოდა.
მეორე ძმას არც მანქანები აინტერესებს და არც ქალები და არც კაცები, ნარკოდამოკიდებულია უკვე ძალიან სერიოზული, გაცილებით უარესი, ვიდრე უფროსი.
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, კომპანიაში მუშაობა და მამას საქმის გაგრძელება მე მინდოდა. ამისთვის ყველაფერი მაქვს - განათლება, ინტერესი, უნარები და შესაძლებლობები.
მაგრამ მამაჩემს ეს რომ ვუთხარი, სასაცილოდ ამიგდო, ეგღა მაკლია, ჩემი კომპანია სულელ ქალს ჩავუგდო ხელშიო.
ძალიან ვეხვეწე, ყველაზე მარტივ პოზიციაზე მუშაობა ვთხოვე, რომ ჩემი შესაძლებლობები მეჩვენებინა მისთვის, მაგრამ მითხრა, მე ვიცი, შენ რაც გინდა - ნელ-ნელა ჩემს კომპანიაში ფესვის გადგმა და მერე მისი დასაკუთრებაო. ჰოდა იცოდე, რომ ეს არასოდეს მოხდებაო. გავბრაზდი და მივახალე, შენი ნარკომანი ბიჭებისთვის ხომ არაფერი გენანება-მეთქი. მიპასუხა, ისინი ნარკომანები კი არა, მკვდრებიც რომ იყვნენ, შენს თავს მაინც მირჩევნია და ყოველთვის მერჩივნებაო.
ამას ყველაფერს უსმენდა დედაჩემი და ერთი სიტყვითაც არ გამომქომაგებია. აი რა ვთქვა, არ ვიცი. ოღონდ მართლა".