მტკიცებულები მოტანილი მაქვს, მტკიცებულებები არის საკმარისზე მეტი და მზად ვარ, რომ წარვადგინო - საბა ბუაძე გამოკითხვაზე იმყოფება
მტკიცებულებები მოტანილი მაქვს. მზად ვარ, წარვადგინო, თუმცა როგორც ნათქვამია, კარგ მთქმელს კარგი გამგონე სჭირდება და აქ სიმართლის გაგონების სურვილი და მოტივაცია არავის გააჩნია, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის დაწყებამდე, მედიასთან განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების გაყალბების საქმეზე საკმარისზე მეტი მტკიცებულება არსებობს, თუმცა „პროკურატურისგან გვაქვს ძალიან უხერხული და სამარცხვინო დუმილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიების პროცესი“.
„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ოთარ ფარცხალაძის, იგივე ოთარ რომანოვის ამ სიყალბეს, ოროსნების და თაღლითების სამჭედლოს არ აქვს არანაირი საზოგადოებრივი ნდობა და ამას ყოველდღიურად პროკურატურა და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემა ადასტურებს თავად. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არსებობს საკმარისზე მეტი მტკიცებულება. მტკიცებულებები შეეხება როგორც არჩევნების დღემდე არჩევნების გაყალბების მცდელობას, ისე არჩევნების დღეს ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ ვხედავთ, რომ ჯერჯერობით, პროკურატურისგან გვაქვს ძალიან უხერხული და სამარცხვინო დუმილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. თავში არავის აზრადაც არ მოსვლია, რომ ასეთი რეზონანსის და მნიშვნელობის საქმეზე საზოგადოებისთვის ჩაებარებინა ანგარიში და ამ საცირკო წარმოდგენების პარალელურად ეთქვა, რამეს მიაკვლიეს თუ არა. ყველამ კარგად იცის, რომ ამ გამოძიებას აქვს ერთადერთ მიზანი. ეს არის პოლიტიკური მიზანი. ეს არის მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება იმისათვის, რომ შემდეგ ივანიშვილის პარტიულ და რუსულ ინტერესებს მოემსახუროს, ის რასაც აქ ჩაატარებენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მტკიცებულები მე დღეს აქ მოტანილი მაქვს. მტკიცებულებები არის საკმარისზე მეტი და მზად ვარ, რომ ეს მტკიცებულებები წარვადგინო, თუმცა როგორც ნათქვამი არის კარგ მთქმელს სჭირდება კარგი გამგონე და აქ სიმართლის გაგონების სურვილი და მოტივაცია არავის გააჩნია,“ - განაცხადა ბუაძემ.