სააკაშვილის შიმშილობა პროტესტთან არაა დაკავშირებული, ეს სპეკულაციაა - გურამ მაჭარაშვილი
“ქართული ოცნების” წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა პროტესტთან არაა დაკავშირებული და ეს სპეკულაციაა, რათა მან და მისმა გუნდმა “პოლიტიკურ დღის წესრიგზე იტივტივოს”.
“დღემდე არ არსებობს ექიმთა პროფესიული დასკვნა, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს რომელიმე სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება და ასევე პროფესიული დასკვნა, რომ ასეთი მომსახურება არ არის მე-18 დაწესებულებაში. შესაბამისად, ცხადია, პოლიტიკურ სპეკულაციებს ემსგავსება ის, რომ თითქოს ყოფილი პრეზიდენტის შიმშილობა პროტესტთან არის დაკავშირებული. ეს ასე არ არის. ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგზე „იტივტივოს“ სააკაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება მოშიმშილე დეპუტატებს, მაჭარაშვილის განცხადებით, მათ პოლიტიკური რესურსი აღარ აქვთ და შიმშილობას და გზების გადაკეტვას მიმართავენ.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა შიმშილობს.