სახალხო დამცველი, ექსპერტთა ჯგუფთან ერთად გლდანის ციხეში მივიდა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი უნდა მოინახულონ
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გლდანის ციხესთან მივიდა, სადაც ექსპერტთა ჯგუფთან ერთად მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად უნდა შევიდეს.
"ამ ვიზიტის მიზანი არის, რომ ჩვენმა სამედიცინო ექსპერტებმა შეაფასონ პატიმარ და პაციენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე, გაეცნონ იქ არსებულ სამედიცინო ინფრასტრუქტურას, იმისათვის, რომ წარმოგვიდგინონ მათი ექსპერტული მოსაზრებები. არსებობს თუ არა ის სამედიცინო აღჭურვილობა თუ პირობები ადგილზე, რაც ამ ტიპის პაციენტისთვის იქნებოდა მკურნალობის ადეკვატური და ეფექტური საშუალება. ასევე არამხოლოდ შიმშილობის გაგრძელების, არამედ შიმშილობის შეწყვეტის პერიოდში შესაძლებელია თუ არა ადგილზე გაეწიოს ადეკვატური მკურნალობა ისე რომ დაცული იყოს მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, როგორც ამას ითხოვს სტრასბურგის სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში", - აცხადებს ნინო ლომჯარია.
ადგილზე იმყოფება აგრეთვე საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეც.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს. ის თავდაპირველად რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს,თუმცა, მოგვიანებით, ექსპრეზიდენტი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი და საზოგადოების ნაწილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.