ფატალურ მდგომარეობამდე ძალიან ცოტა დრო არის - ექიმი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
ფატალურ მდგომარეობამდე ძალიან ცოტა დრო არის, - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების კონსილიუმის წევრი, გიორგი გრიგოლია.
„მიხეილ სააკაშვილი არის შიმშილობის იმ სტადიაში, როცა შეიძლება მომენტალურად დაიწყოს მულტიორგანული გართულება. როცა ადამიანი ხანგრძლივად შიმშილობს მას ყველა ორგანოს დაზიანება განუვითარდება და ძალიან მალე დამთავრდება, ანუ შედარებით ნორმალური მდგომარეობიდან უკვე ფატალურ მდგომარეობამდე ძალიან ცოტა დრო არის.
ჯერ არის ის სტადია, როცა შეიძლება ამ ადამიანს ინტენსიური მკურნალობა და თავიდან აცილება ამ ფატალური გართულებების. ამას სჭირდება ძალიან ბევრი სხვადასხვა სახის სპეციალისტის არსებობა, ძალიან ბევრი კვლევა. იქ [N18 დაწესებულებაში] არის ამის გარკვეული შესაძლებლობა, მაგრამ ყველა სპეციალისტი ადგილზე არ ჰყავთ, არიან გამოძახებებით. ამიტომ დიდი განსხვავებაა ერთი შეხედვით, რაც მე ვნახე, პოლიპროფილური, აწყობილი საავადმყოფოს მუშაობას შორის და აი ამ დაწესებულების მუშაობას შორის. დანარჩენი დეტალები გვექნება დასკვნაში“, - თქვა სახალხო დამცველის მოწვეული კონსილიუმის წევრმა, გიორგი გრიგოლიამ.
შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსოერტთა ჯგუფის დასკვნით: პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს. ის თავდაპირველად რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს,თუმცა, მოგვიანებით, ექსპრეზიდენტი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის შესახლება იძულებითი წესით განხორციელდა, რისი ამსახველი ვიდეოკადრები მოგვიანებით გავრცელდა. თავად სააკაშვილი და საზოგადოების ნაწილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.