თეგებით ძიება

"მიხეილ სააკაშვილის შიმშილობამ გვაჩვენა, რომ ჯანდაცვის სისტემაში დიდი გამოწვევა გვაქვს" – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:

"1.პოლიტიკის ნაცვლად ჯანდაცვაზე ვილაპარაკოთ. ბოლო პერიოდის ამბებმა, ბატონი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობამ გვაჩვენა, რომ ჯანდაცვის სისტემაში დიდი გამოწვევა გვაქვს. გამოწვევაა ის, რომ ჯანდაცვის სისტემას რეფორმა სჭირდება.
2.გავიმეორებ, მე პოლიტიკოსი არ ვარ, პოლიტიკაში ვერავინ ჩამითრევს,
3.ციხის საავადმყოფოს მაგალითმა დაგვანახა, რომ ჯანდაცვის სისტემაში პრობლემებია. ჯანდაცვის სისტემას სჭირდება დიდი რეფორმა. თუ რევოლუციაზე ვლაპარაკობთ, რევოლუცია სწორედ ჯანდაცვის სისტემაშია გასაკეთებელი.
4.მდგომარეობა, რაც დღეს არის ჯანდაცვის სისტემაში, შეუძლებელია, ასე გაგრძელდეს. მიუღებელია, ადამიანს სჭირდებოდეს სამედიცინო სერვისი და ვერ იღებდეს. მხოლოდ სააკაშვილს კი არა, ნებისმიერ პატიმარს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ადეკვატური სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს.
5.პატიმრის სამედიცინო მომსახურებაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო და მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რესურსებიც უნდა დახარჯოს. მე რომ მკითხო, ციხის საავადმყოფო ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკა უნდა იყოს.
6.ბატონი სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით.ამდენი კონსილიუმი რომ შეიკრიბა, იქნებ დაწერონ კარგი ანგარიში ციხის საავადმყოფოში არსებულ ჩავარდნებზე, თუ რა რეკომენდაციებს გაუწევენ სახელმწიფოს და ვითარების გამოსასწორებლად რა არის სასწრაფოდ გასაკეთებელი.
7.ამის შემდეგ კი სახელმწიფომ უნდა გამოყოს ბიუჯეტი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გამართოს ციხის საავადმყოფო. მე რაც შემეძლება, დავეხმარები. ხომ შეიძლება, რაღაც პოზიტიური შედეგი მივიღოთ ამ შიმშილობის რეზონანსული საქმიდან. პოზიტივი იქნება ის, რომ მივხედოთ სახელმწიფო საავადმყოფოებს, კერძოებს ვერაფერს ვუხერხებთ.
8.გავაკეთოთ ისე, რომ მეორეჯერ ასეთი პრობლემის წინაშე არ დავდგეთ. ყველა პატიმარი პატიმარია, არა აქვს მნიშვნელობა, რა დააშავა. მათ უნდა მიეწოდოთ ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისები.
9.ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ციხის საავადმყოფოში მუშაობა იოლი არ არის. იქ არიან მკვლელები, ქურდები, ბანდიტები, არასრულწოვნების გამაუპატიურებლები და ა.შ. ათას მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულნი, ასევე მცირე გადაცდომის მქონენიც. სხვადასხვა ტიპის ადამიანები არიან იქ და ექიმისთვის მათთან მუშაობა ძალიან რთულია. ჩემი აზრით, ამის გამო ციხის საავადმყოფოში მომუშავე მედპერსონალს ყველაზე მაღალი ხელფასები უნდა ჰქონდეს, საუკეთესო პირობები უნდა ჰქონდეთ ექიმებს და ექთნებს, რომ შეძლონ პაციენტებისთვის საუკეთესო სერვისის მიწოდება.
10. გავიმეორებ - ექიმისთვის მნიშვნელობა არა აქვს. ვინ არის პაციენტი. ექიმი უმკურნალებს და შემდეგ, საავადმყოდოს გარეთ უკვე სასამართლო და სხვა უწყებები მიხედავენ, ეს ექიმის საქმე არ არის.
11.ისევე, როგორც ჩემი საქმე არ არის, მე რომ მეკითხებიან, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია სააკაშვილზეო. ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია - ბატონი მიხეილ სააკაშვილი პატიმარია. მე კი იურისტი არ ვარ, რომ ვთქვა, სწორია თუ არასწორია. ეს ჩემი საქმე არ არის. რაც შეეხება ჯანდაცვას, მარტო ბატონ მიხეილს კი არა, ყველა პატიმარს უნდა ჰქონდეს საუკეთესო ჯანდაცვა, ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა და თუ არ გვაქვს კარგი ჯანდაცვა, ამასაც უნდა მივხედოთ.
12.საერთოდაც, ჯანდაცვაში ბევრი ჩავარდები გვაქვს. ადამიანს თუ აქვს რომელიმე მძიმე დაავადება, საქართველოდან სამკურნალოდ უცხოეთში მიდის, მაგალითად, თურქეთში, ევროპაში. რატომ? ხომ ჩვენი მოქალაქეა. ფული თუ არა აქვს, უნდა მოკვდეს?!
13.არის რაღაც პრინციპი, რაზეც საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ. რაღაცეები მოვიკლოთ, შეიძლება, ფასადების, ფანტანების ან სხვა პროექტების გაკეთებისგან თავი შევიკავოთ, მაგრამ გვქონდეს კონსენსუსი, რომ ადამიანის ჯანმრთელობა არის პრიორიტეტი. რაც არ უნდა მოხდეს, უნდა დავეხმაროთ ადამიანს. რისი მკურნალობაც საქართველოში შესაძლებელია, გავაძლიეროთ, რომელსაც ვერ ვმკურნალობთ, საზღვარგარეთ გავუშვათ.
14.ეს პრობლემებია მოსაგვარებელი, ჩვენი კი რაზე ვლაპარაკობთ? პოლიტიკა, ფული. ადამიანზე არავინ ლაპარაკობს.
15.ყველაფერი შესაძლებელია. როცა რაღაცის გულწრფელად გჯერა, ის მოხდება. ახლა სიახლეები მინდა გაგიზიაროთ.
16.უშუალოდ საქართველოსთვის რამდენიმე პროექტი წამოვიწყე. ერთ-ერთია სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია, რომელიც გარკვეულ ცვლილებას განიცდის 2022 წლისთვის, ახალი სტანდარტები იქნება. მქონდა შეხვედრები ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრს გავუზიარე ჩემი მოსაზრება. სამინისტროს გავაცანი გაწეული მუშაობა, ყველაფერი საჯაროა, რომელმა ორგანიზაციებმა მიიღო აკრედიტაცია, რა გეგმები გვაქვს. შევთავაზე, რომ არ მინდა არავის ფული, არც თანამდებობა, უანგაროდ დაგეხმარებით. რასაც თქვენ ვერ აკეთებთ, მე გაგიკეთებთ და როცა თქვენ გაძლიერდებით, გადაგაბარებთ და თქვენ გააგრძელეთ-მეთქი. ვნახოთ, პასუხს ველოდები, წერილი მიწერილია, შეხვედრა შედგა. რა ვიცი, ფიქრობენ. იმეედია, 2025 წლამდე არ მომიწევს ლოდინი.
17.ჩემი მეორე პროექტია უწყვეტი სამედიცინო განათლება. ყოველი მეორე ადამიანი მწერს, რომ ჩვენი ჯანდაცვა არ ვარგა, რომ ჩვენი ექიმები არ არიან ისეთი დონის, როგორც უცხოეთში და ა.შ.. იცით რა?! თუ სპეციალისტი არ განვითარდა, თანამედროვე მიღწევებს თუ არ გაეცნო, თუ არ გაიარა უწყვეტი სამედიცინო განათლება, თუ არ აიღო კრედიტქულა, პროფესიულად როგორ გიზრდება?!
18.ამის გათვალისწინებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შევთავაზე უწყვეტი სამედიცინო განათლების ალტერნატიული, მარტივი საშუალება, რომ მოხდეს აქცელერაცია და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესი დაჩქარდეს. დაახლოებით 500 სპეციალისტმა უკვე მიიღო ჩვენი კრედიტქულები.
19.მოგმართავთ, დავაჩქაროთ ეს პროცესი...ნუ გამოვეკიდებით რაღაც ილუზიებს, ამერიკული სტანდარტი და ა.შ.. რეალურად ზიმბაბვეს დონეზე არ გვაქვს ჯანდაცვა. შევთავაზე კონკრეტული პროექტი, კონკრეტული გზა და თან ვაკეთებ. გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, იმედია, მალე მიიღებენ.
20.მესამე ძალიან მაგარი პროექტის პრეზენტაცია იქნება ხვალ, ახლა ვაანონსებ. არიან ძალიან მაგარი ქართველი ახალგაზრდები, არის ძალიან მაგარი სტარტაპი, ონლაინ დამიკავშირდნენ, ვთანამშრომლობთ რამდენიმე თვეა. თბილისში ჩამოსვლისას შევხვდი. აქვთ ძალიან საინტერესო მოსაზრებები, გავაკეთე გარკვეული კორექტირება რაღაც-რაღაცეების.
21.ერთადერთი პირობა მქონდა, ვუთხარი, დაგეხმარებით, მაგრამ რაღაც კომპონენტი მინდა, იყოს უფასო, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ეს ეხება ელექტრონულ ჯანდაცვას. ჯანდაცვაში სიტუაციის გამოსასწორებლად ქვეყნისთვის აუცილებელია ელექტრონული ჯანდაცვა. ეს არის ელექტრონული ჯანდაცვის პროექტი, დეტალებს ხვალ მოგიყვებით.
22.ეს არის ქართველების მიერ საქართველოში საქართველოსთვის გაკეთებული პროექტი. თქვენ იცით, რომ მე მაქვს საქართველოში არაერთი საავადმყოფოს მართვის გამოცდილება და ეს ყველაფერი გათვალისწინებული და ქართულ რეალობას მორგებულია.
23.შევაჯამოთ, საქართველოსთვის გავაკეთე სამი პროექტი: 1.სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია; 2.უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა; 3.ელექტრონული ჯანდაცვა.
24.თქვენ ხვალ მიიღებთ ჩემგან მორიგ საჩუქარს ჯანდაცვის სფეროში. თუ ჩემი ორგანიზაციის აკრედიტაცია იყო სამედიცინო დაწესებულებებისთვის (სხვათა შორის, 4 საავადმყოფომ უკვე მიიღო), უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტქულები იყო სამედიცინო პერსონალისთვის, ეს ახალი ინიციატივა გეხებათ უშუალოდ თქვენ, ჩემს მაყურებლებს. თქვენ შეძლებთ ამის გადმოწერას და გამოყენებას. თქვენთვის იქნება უფასო და ასევე გავაკეთე, რომ კლინიკების ჩართულობის კომპონენტი ამ ნაწილში ყოფილიყო უფასო.
25.მეტი რა გავაკეთო ერთმა ადამიანმა. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ჯანმრთელობას და უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას. ნეგატიური რაღაცეების გაკეთება ადვილია, ლანძღვა - ყველაზე იოლია, აი, საქმის გაკეთებაა რთული. საქმე გავაკეთოთ.
ჯანმრთელობას გისურვებთ!", - წერს ფხაკაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა