ზიანი თუ სარგებელი - რა უნდა ვიცოდეთ გრიპის ვაქცინაზე?
დღეიდან, 18 ოქტომბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდებათ.
ვისთვის არის რეკომენდებული გრიპის ვაქცინა და ვის მოიაზრებიან რისკ-ჯგუფებში?
გრიპზე იმუნიზაციის ძირითადი სამიზნეა რისკის ჯგუფები, ვისთვისაც, გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში, გართულებების ალბათობა მაღალია.
მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები,აივ ინფექცია/შიდსისა და ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები.
აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.
როდის უნდა ავიცრათ?
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, გრიპის ვაქცინაცია არასდროს არის დაგვიანებული. ის ხარჯეფექტიანად მიიჩნევა ნებისმიერ დროს, თუმცა, რა თქმა უნდა, აცრა მანამდე ჯობია, სანამ გრიპის ვირუსი გააქტიურდება, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება. ჩვენს სინამდვილეში საუკეთესო პერიოდად ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი ითვლება.
არსებობს თუ არა ვაქცინაციის ასაკობრივი ზღვარი?
აცრა ნებადართულია 6 თვიდან. ვაქცინაციამდე ექიმმა უნდა გადაამოწმოს ინსტრუქცია იმის თაობაზე, რა ასაკში რა დოზის გაკეთებაა შესაძლებელი, გაეცნოს ვაქცინას და სრული ინფორმაცია მიაწოდოს პაციენტს ან პაციენტის მშობელს.
საჭიროა თუ არა ვაქცინაცია, როდესაც გრიპის სეზონი ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ გრიპი უკვე გადავიტანეთ?
გრიპისმაგვარ სიმპტომებს ორასამდე ვირუსი იწვევს. როდესაც სურდო გვაქვს და გვახველებს, დანამდვილებით ვერასოდეს ვიტყვით, გრიპია ეს თუ სხვა ვირუსით გამოწვეული გრიპისმაგვარი ინფექცია. გარდა ამისა, ყოველ სეზონზე გარემოში გრიპის ვირუსის, სულ მცირე, სამი ნაირსახეობა ცირკულირებს, ვაქცინაცია კი უკვე ოთხკომპონენტიანი გახდა, იმ დაშვებით, რომ შესაძლოა, კონკრეტულ სეზონზე სამი კი არა ოთხი ნაირსახეობა დაფიქსირდეს. ამიტომ ის ფაქტი, რომ, სავარაუდოდ, ვირუსის რომელიმე ერთი ნაირსახეობით გამოწვეული დაავადება გადაიტანეთ, ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ამავე სეზონზე არ შეგხვდებათ სხვა ნაირსახეობის ვირუსი. თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა ვაქცინაცია. ის, რა თქმა უნდა, ასი პროცენტით ვერ დაგაზღვევთ გრიპისგან, მაგრამ იძლევა გარანტიას, რომ ავადმყოფობა მსუბუქად ჩაივლის და თქვენს სიცოცხლეს საფრთხე აღარ დაემუქრება.
ზიანი თუ სარგებელი - გვეშინოდეს თუ არა ვაქცინაციის?
გრიპის პროფილაქტიკის მთავარი და ყველაზე ეფექტური გზა ვაქცინაციაა. გრიპის ვაქცინებზე მუშაობა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო და მას შემდეგ მისი შემადგენლობა ყოველწლიურად ახლდება. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი წელს რეკომენდაციას უწევს სამკომპონენტიან ვაქცინას, რომელიც სამი ტიპის ვირუსს- B ვირუსსა და A ტიპის ვირუსის ორ ქვეტიპს მოიცავს.
ვაქცინაციას უკუჩვენებები თითქმის არ გააჩნია და შეიძლება ითქვას ყველასთვისაა რეკომენდებული - განსაკუთრებით ზემოთ ჩამოთვლილ რისკ-ჯგუფებში შემავალი ადამიანებისთვის. ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტი ერთ წელიწადს ძლებს, ამიტომ დაავადებისგან თავის დასაცავად ყოველწლიური ვაქცინაციაა რეკომენდებული. ცნობილია ის ფაქტიც, რომ ვაქცინაცია ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე გრიპისა და მისი გართულებების მკურნალობა.