რატომ იდგა მთაწმინდაზე ორი ტელეანძა? - ბევრისთვის უცნობი ისტორია თბილისის მთავარი სიმბოლოს შესახებ (ფოტოები)
სატელევიზიო კოშკი, იგივე ტელეანძა, რომელიც დედაქალაქს მთაწმინდის პლატოდან გადმოჰყურებს, თბილისის სიმბოლო და „სავიზიტო ბარათია“.
თავდაპირველად ამ ადგილას სხვა ტელეანძა იდგა, რომელიც 1955 წელს აიგო და 185 მეტრის სიმაღლის იყო. სატელევიზიო მაუწყებლობაც მისი აშენების შემდეგ დაიწყო. იქიდან გამომდინარე, რომ ანძის რესურსები შეზღუდული იყო და მას არხების გაზრდის საშუალება არ ჰქონდა, მისი ჩანაცვლება გადაწყდა. ძველი ტელეანძა მარტივი კონსტრუქციისგან შედგებოდა და ფერმერული სტილის იყო.
ანძა, რომელიც დღეს ამშვენებს თბილისს 1972 წელს აიგო. ძველი ანძა კი ქალაქ გორთან ახლოს, ახალდაბის მთაზე გადაიტანეს. შემორჩენილია ფოტოები, როდესაც მთაწმინდის პლატოზე ერთდროულად ორივე ანძა იდგა.
თბილისის ტელეანძის კონსტრუქციის პროექტზე კიევის მეტალოკონსტრუქციების კვლევითმა ინსტიტუტმა იმუშავა. უშუალო დამპროექტებელი ნიკალაი ბუტიაა. კონსტრუქცია რუსეთის ერთ-ერთ ქარხანაში დამზადდა და მთაწმინდაზე, რუსთავის სტალკონსტრუქციების სამშენებლო სამმართველო „ტრესტმა“ ააშენა.
2017 წლამდე ანძის სიმაღლე 274.5 მეტრი იყო, ხოლო 2017 წელს მას კოშკის შემადგენელი კონსტრუქციული ელემენტი - სუპერტურნიკეტული ანტენა დაემატა, რის შემდეგაც მისი სიმაღლე 3,5 მეტრით გაიზარდა და 277.5 მეტრი გახდა.
თბილისის ანძა წითელი და თეთრი ფერისაა, რაც საერთაშორისო სტანდარტს იმეორებს და თავისი ფუნქციაც აკისრია, ეს ფერები შერჩეულია იმისათვის, რომ მფრინავმა ობიექტმა შორი მანძილიდანაც შეამჩნიოს. საინტერესოა, რომ ანძა ხუთ წელიწადში ერთხელ იღებება. დაახლოებით ამდენივეა მისი ღებვის ხანგრძლივობაც. მისი შეღებვა იწყება ზედა წერტილიდან ქვედა მიმართულებით.
მოციმიცე ნათურები ანძაზე რამდენიმე წლის წინ დამონტაჟდა და ის ეიფელის კოშკის დამპროექტებლებმა გააკეთეს. ფრანგული კომპანია ნათურებს ოთხი თვე ამონტაჟებდა.
ანძა ქარის დროს 9 მეტრზე იხრება, კონსტრუქცია კი 9-ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი.
თბილისის ანძა ევროპის უნიკალური ანძების სიაშია შეტანილი.