საყვარელი ქალისთვის გაშენებული ბაღი თუ სამხედრო თანამშრომლობისთვის მიღებული ჯილდო? - მუშთაიდის ბაღის ისტორია
მე-19 საუკუნის თბილისური ბაღი, სადაც მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა აშენდა, ამიერკავკასიაში პირველი საჰაერო ბურთი აფრინდა და ნიკო ფიროსმანმა ფრანგი მომღერალი მარგარიტა ნახა, თბილისში, ბარათაშვილისა და ცაბაძის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს და ის თბილისში არსებულ ბაღებს შორის ლეგენდების რაოდენობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.
ლეგენდის თანახმად ეს ბაღი 1830-იან წლებში ირანიდან გამოქცეულმა მოჯაჰედების ლიდერმა, მირ ფეთეაღა სეიდ მუშთაიდმა გააშენა, რომელიც სპარსეთიდან გამოიქცა და სტამბულის ტყვეთა ბაზარში ქართველი გოგო, სახელად ნინო იყიდა. მუშთაიდს ლამაზი ტყვე თავდავიწყებით შეყვარებია და მალევე ცოლად მოუყვანია. ქართველი ცოლის გამო მუშთაიდს საცხოვრებლად თბილისი აურჩევია, თუმცა ნინო საქართველოში ჩამოსვლიდან 6 თვეში გარდაიცვლილა. მუშთაიდს ცოლი სახლის წინ დაუკრძალავს და საფლავზე უამრავი წითელი ვარდიც დაურგავს... თუმცა ეს სევდიანი ამბავი მხოლოდ ლეგენდაა. სინამდვილეში 1827 წელს, რუსეთ-სპარსეთის ომის დროს, ამიერკავკასიის ჯარების სარდალმა შიიტების ლიდერს რუსეთთან თანამშრომლობა შესთავაზა და თანხმობის შემდეგ რუსეთის მთავრობისგან საჩუქრად დაახლოებით, 50 ჰექტარი მიწა გადასცა. მუშთაიდს ნაჩუქარ მიწაზე ბაღი გაუშენებია, ბაღის ცენტრში კი სახლი დაუდგამს.
მუშთაიდის ბაღი ძალიან პრესტიჟულ ადგილად ითვლებოდა, სადაც შესვლა ფასიანი იყო. მოგვიანებით, ბაღის დიდი ნაწილი კერძო პირებს იმ პირობით მიაქირავეს, რომ პარკს ფუნქციას შეუნარჩუნებდნენ.
ცნობილი გერმანელი მწერალი არტურ ლაისტი, რომელიც საქართველოში მოგზაურობდა, მუშთაიდს ასე იხსენებს: „აქ ყოველ საღამოს, 5 საათიდან შუაღამემდე გაცხარებული დროსტარებაა. ამ ამწვანებულ, დაჩრდილულ ბაღში ყოველ საღამოს თბილისის საუკეთესო საზოგადოება იკრიბება. ხეივნებში დაქრიან ეტლები, ცხენებს დააჭენებენ ვაჟები და ამაზონკებში გამოწყობილი ქალები. რაინდული შეხედულების ჩაუქი ახალგაზრდობა დასეირნობს გრძლად ჩამწკრივებულ სკამებს შორის, რომლებზეც თითქმის გაუნძრევად სხედან საქართველოს მშვენიერი და წყნარი ასულნი. მთვარიან ღამით დროსტარება უფრო საინტერესო ხდება“.
1853 წლიდან ბაღი სახაზინო საკუთრება გახდა. აქ სისტემატურად ეწყობოდა სახალხო სეირნობები, გამოფენები, სპექტაკლები. ამ ტერიტორიაზე იყო ის ლეგენდარრული სცენა, სადაც ფრანგი მომღერალი მარგარიტა მღეროდა და ფოროსმანმა პირველად ნახა.
საქართველოში ჩამოსულმა ჰაეროსნობის ოსტატმა ოგიუსტ გორდონმა მუშთაიდის ბაღიდან ამიერკავკასიაში პირველი საჰაერო ბუშტი სამჯერ ააფრინა. მუშთაიდის ბაღშივე, 1935 წელს გაიხსნა საბავშვო რკინიგზა. თავიდან რკინიგზას სასწავლო დანიშნულება ჰქონდა - აქ ბავშვებს მატარებლის მართვას ასწავლიდნენ. დღეს ამ მატარებლით ბავშვებს გართობა და სეირნობა შეუძლიათ. მატარებელი, რომელიც ღია ტიპის სამი ვაგონისგან შედგება, წრიული ლიანდაგის შემოვლის შემდეგ ჩერდება და სადგურში უკუსვლით შედის.
1887 წელს ბუნებისმეტყველის, ნიკოლოზ შავროვის თაოსნობით ბაღის ტერიტორიაზე დაარსდა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური. ორსართულიანი შენობა ეკლექტური სტილისაა. შეულესავი აგურის ნაგებობას ქვის მაღალი ცოკოლი აქვს. პირველი სართულის ღიობები სამყურათაღოვანია, მეორე სართულისა კი — თაღოვანი.
ინტერიერის მორთულობის უჩვეულო დეტალები ნაგებობის დანიშნულებას ესადაგება. აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის დარბაზსა და ბიბლიოთეკაში შემონახულია შიმკევიჩის ესკიზებით დამზადებული ავეჯი.
ბაღის ტერიტორიაზე მდებარეობს სადგურის თანამშრომელთათვის აგებული სახლი, რომელიც ძველთბილისური საცხოვრებლის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია.
16 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ ბაღში ათასობით მცენარე ხარობს, თუმცა ბაღის გამორჩეული ღირსშესანიშნაობა რელიქტური ხის – ძელქვის კორომია.