თეგებით ძიება

"ჰარი პოტერის სკოლა" - უჩვეულო ნაგებობა თბილისში, რომელიც თავისი არქიტექტურული სტილით "ჰოგვორტს" მოგვაგონებს (ფოტოები)

"ჰარი პოტერის სკოლა" - ასე მოიხსენიებს თბილისელების უმრავლესობა დადიანის ქუჩის ბოლოს, ასათიანის გადაკვეთაზე მდებარე მე-6 სკოლის შენობას, რომელიც თავისი არქიტექტურული სტილით, მართლაც მოგვაგონებს ჯადოქრების სკოლა "ჰოგვარდს" ცნობილი ფილმიდან „ჰარი პოტერი“.

შენობა 1893 წელს, არქიტექტორ ალექსანდრე ოზეროვის მიერ, ნეოგოთიკური სტილის გამოყენებითაა აგებული. სწორედ ეს სტილი განაპირობებს შენობის მისტიკურ განწყობას.

თავდაპირველად ეს გახლდათ თბილისის ქალთა გერმანული პანსიონი, გერმანულენოვანი სასწავლებელი, სადაც განთავსებული იყო სამლოცველო, რომელიც ლუთერანული ეკლესიის ტრადიციას აგრძელებდა. სამლოცველო მეორე სართულზე მდებარეობდა. სამლოცველოს კარები შენობაზე ახლაც შენარჩუნებულია და მასზე ისევ ჯვრებია გამოსახული. ხოლო, ფანჯრებში პატარ-პატარა, ფერადი მინებია ჩასმული.

დაარსების შემდეგ სასწავლებელმა სახელი და ფუნქცია რამდენჯერმე შეიცვალა: საბჭოთა პერიოდში აქ იყო რუსულენოვანი სკოლა, რომელიც 66-ე საშუალო სკოლის სახელით ფუნქციონირებდა, შემდეგ იყო იურიდიული სასწავლებელი, 2007 წელს 58-ე ქართული სკოლა. პირველი და მეორე მსოფლიო ომის წლებში შენობას ლაზარეთად იყენებდნენ. 2011 წლის ოქტომბერში კი აქ მეექვსე საავტორო სკოლა გაიხსნა.

2012 წელს შენობას სერიოზული რესტავრაცია გაუკეთდა, სარესტავრაციო სამუშაოები შვეიცარელი არქიტექტორის, თომას კრაიერის პროექტით მიმდინარეობდა, რომლის მიხედვითაც მისი აღდგენა პირვანდელი სახით მოხდა.

შენობაში შენარჩუნებულია მარმარილოს კიბეები მოაჯირებით, ხის ულამაზესი კარ-ფანჯრები. ასევე აღდგენილია შენობის მთავარი მარგალიტი - დიდი დარბაზი, რომელიც ღონისძიებებისა და კონცერტებისთვის გამოიყენებოდა. დარბაზს დიდი, გოთური არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ფანჯრები ამშვენებს. მაღლა ხის აივნებია, სადაც მაყურებელი იკავებდა ადგილს, რათა ზემოდან ედევნებინა თვალი ღონისძიებებისათვის. გასული საუკუნის 70-იან წლებამდე თურმე იქ ორღანიც იდგა.

ყოველი აგური, რომლითაც შენობაა აშენებული, სათითაოდაა დანომრილი შტამპით. ასეთი აგური აღარ არსებობს.

სასწავლებლის უკანა მხარეს, ეზოში, დღესაც დგას პატარა შენობა, რომელიც სპეციალურად მასწავლებლებისთვის იყო აშენებული. სკოლის შენობა კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა