თეგებით ძიება

მიკელე დე ლუკის თამამი პროექტები - რა ააშენა იტალიელმა არქიტექტორმა თბილისში?

თანამედროვე საქართველო კონტრასტების ქვეყანაა და თბილისი ამას საუკეთესოდ ასახავს. ბოლო წლებში ისტორიული შენობების ფონზე შემინული ფასადის მქონე ცათამბჯენები აშენდა - ზოგი გარემოს საოცრად ორგანულად ერწყმის, ზოგი კი ნაკლებად. თბილისის ახალი სახის შექმნაში თავისი წვლილი  მიკელე დე ლუკიმაც შეიტანა, რომელიც თამამი პროექტებითაა ცნობილი. 

მიკელე დე ლუკი იტალიელი დიზაინერი და არქიტექტორია, რომელიც 1951 წელს ფერარაში დაიბადა. ის მეტწილად თავისი დიზაინერული ნამუშევრებით არის ცნობილი, რომლებმაც ახალი სტილის დიზაინის შექმნაში დიდი როლი ითამაშეს. დე ლუკი არქიტექტურას პადუასა და ფლორენციაში სწავლობდა. იტალიელი არქიტექტორი საქართველომ თავისი ნამუშევრებით გაიცნო: შსს-ს შენობა, ავლაბრის რეზიდენცია, მშვიდობის ხიდი (სამივე თბილისში) და სასტუმრო მედეა (ბათუმში).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

ეს შენობა ქალაქის ცენტრში არ მდებარეობს, ამიტომ ბევრმა ტურისტმა მისი არსებობის შესახებაც არაფერი იცის, თუმცა, არქიტექტურული თვალსაზრისით, ის შესანიშნავად გამოიყურება! 

შსს-ს შენობა  კახეთის გზატკეცილის მახლობლად, ქალაქიდან გასასვლელთან, სამგორის რაიონში მდებარეობს. შენობის ფასადი მინიმალიზმით ხასიათდება და მინის გიგანტურ ტალღას მოგაგონებთ. შენობის წინ განლაგებულია აუზი, რაც არქიტექტურულ „ტალღის ეფექტს“ კიდევ უფრო აძლიერებს. შსს-ს შენობის საერთო ფართობი თითქმის 50,000 კვადრატული მეტრია. აღსანიშნავია, რომ შენობას ვიპ-სტუმრებისთვის ცალკე შესასვლელი აქვს.

მშვიდობის ხიდი

-3

თანამედროვე თბილისის კიდევ ერთი სიმბოლო მშვიდობის ხიდია, რომელიც ძველ თბილისში, მდინარე მტკვარზეა გადებული და ერთმანეთთან აკავშირებს ერეკლე II-ის ქუჩასა და რიყეს. 

ხიდი იგო ქ. თბილისის მერიის დაკვეთით, 2009-2010 წლებში აიგო. ის თბილისის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარზე აგებული მე-11 ხიდია და პირველი ხიდია, რომელიც XXI საუკუნეში აშენდა. ქალაქის ისტორიულ ნაწილში ასეთი ხიდის აშენებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ხიდი ყურადღებას იპყრობს ექსპრესიული მოხაზულობით, მასალითა და ტექნიკური აღჭურვილობით, მისი არქიტექტურული სტილის ისტორიულ გარემოსთან კონტრასტით. ხიდის ღირებულებამ  12,5 მლნ ლარი შეადგინა, რომელიც ქალაქის ბიუჯეტმა გამოყო.

მშვიდობის ხიდს 156 მეტრიანი ფოლადის ჩონჩხი აქვს, რომელიც მთლიანად შუშით არის დაფარული. კონსტრუქცია ოთხ საყრდენზე დგას. ხიდზე ასვლა შესაძლებელია, როგორც ერეკლე II ქუჩიდან და რიყიდან, ისე უშუალოდ სანაპირო ხეივნებიდან კიბეების მეშვეობით. ღამით ხიდი განათებულია სპეციალური ცვალებადი განათებით, რასაც  50 000-მდე ნათურა უზრუნველყოფს.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლე

-4

სახელმწიფო ცერემონიების სასახლე (2019 წლამდე საქართველოს პრეზიდენტის სასახლე და ავლაბრის სახელმწიფო მართვის ადმინისტრაციის კომპლექსი, ასევე - ავლაბრის რეზიდენცია) — სახელმწიფო ცერემონიებისთვის განკუთვნილი შენობა, ყოფილი საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია ავლაბრის მთის ფერდობზე, თბილისის გულში აშენდა, საიდანაც ქალაქისა და მისი შემოგარენის თვალწარმტაცი ხედი იშლება. 

სასახლე 2004-2009 წლებში აშენდა. მასზე რამდენიმე არქიტექტორი მუშაობდა. პროექტის ავტორია არქიტექტორი გიორგი ბათიაშვილი, თუმცა საბოლოო სახე მას იტალიელმა მიკელე დე ლუკიმ შესძინა,

მიკელე დე ლუკის მიერ შექმნილი პროექტის კონცეფცია  თანამედროვე ხედვას, სივრცის ეფექტურ გამოყენებას და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემას ეფუძნებოდა. რეზიდენცია უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ პრეზიდენტის საცხოვრებელი ადგილი, არამედ სივრცე შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის და მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის.

არქიტექტურულად სასახლე წარმოადგენს კლასიკურ, შენობას სამთაღიანი ფასადით, რომელსაც მინის გუმბათი ასრულებს. დღეისთვის ეს შენობა მხოლოდ საზეიმო ღონისძიებებისთვის გამოიყენება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა