ტრაგედია, რომელმაც 34 წლის წინ მთელი საქართველო შეძრა - რა მოხდა მთაწმინდის საბაგიროზე? (ფოტოები)
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დღეს, 2024 წლის 18 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა.
რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 66 წლის წინ, 1958 წელს ვახტანგ ლეჟავას პროექტის მიხედვით აიგო და მგზავრების მომსახურება 1959 წლის 1 მაისს დაიწყო.
საბაგირო მგზავრებს 31 წლის განმავლობაში ემხაურებოდა, მანამ, სანამ უზარმაზარი ტრაგედია არ დატრიალდა...
1990 წლის 1 ივნისს საბაგიროს ბაგირი გაწყდა... ტრაგედიის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 42 კი დაშავდა... მათგან უმრავლესობა ბავშვი იყო, მათ შორის „ბავშვთა დღის“ აღსანიშნავად მთაწმინდის პარკის დასათვალიერებლად ექსკურსიაზე ჩამოსული ახალციხის №5 სკოლის მოსწავლეები…
ეს ამბავი საშინელებათა ფილმის სიუჟეტს ჰგავს...
1 ივნისს, 15:15 საათზე თბილისის მთაწმინდის საბაგიროზე საწევი ბაგირი მოულოდნელად გაწყდა და დაკიდებული ორი გონდოლა პარალელურად დაგორდა. ერთი მათგანი, რომელიც ქვედა სადგურთან ახლოს იყო, სადგურის კედელს შეეჯახა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ზევითა გონდოლამ მაღალი სისწრაფის აკრეფა დაიწყო, ის ქვედა საყრდენ ანძას და იქვე ჩახვეულ გაწყვეტილ საწევ ბაგირს შეეჯახა. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ გონდოლა ორ ნაწილად გაიხლიჩა. დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან ადამიანები 6-სართულიანი შენობის სახურავზე და მის ეზოში ჩამოცვივდნენ. ზოგი უკვე შეჯახებამდე, პანიკაში მყოფი გონდოლადან თავად გადმოხტა…
რა იყო ტრაგედიამდე რამდენიმე წლით ადრე?..
1987 წელს გადაწყდა რომ საბაგირო თითქმის 30 წლიანი მსახურობის შემდეგ რეკონსტრუქციას საჭიროებდა, რეკონსტრუქციის პროექტი, კვლავაც პირველი ვერსიის დაპროექტებელმა ვახტანგ ლეჟავამ მოამზადა, რომელშიც მთავარი სიახლე სამი საყრდენიდან ორ საყრდენზე გადასვლა იყო. ქვედა ანძა შეიცვალა და 20-მეტრიანის ნაცვლად 25-მეტრიანი დაიდგა. იტალიური კომპანიის მიერ დამზადებული მართკუთხა ფორმის ახალი გონდოლები 40 ადამიანზე იყო გათვლილი. ისინი იმ მიზნით შეიცვალა, რომ საბაგიროზე მუდამ დიდი რიგები იყო და ახალ გონდოლაში უფრო მეტი ადამიანი ეტეოდა. ავარიის დღეს ქვემოთ მომავალ გონდოლაში 46 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო ზემოთ მიმავალში 47 მგზავრი…
სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად საწევი ბაგირის გაწყვეტა და დამჭერი მოწყობილობის პრობლემა დაასახელა, თუმცა ფინალური ანგარიშში არ დევს დოკუმენტაცია იმის თაობაზე, თუ რატომ მოხდა გონდოლას ქუროდან საწევი ბაგირის გამოვარდნა…
ტრაგედიის 19 მსხვერპლი
მგზავრები:
მირანდა ვერულაშვილი (5 წლის), აბაშა
ზვიად კუტალაძე (16 წლის), თბილისი
დარეჯან ასლანიშვილი (18 წლის), კასპი
ალოვსად ისმაილ ოღლი ორუჯევი (18 წლის), სამხედრო
ილხან აიდინ ოღლი მიქაელოვი (19 წლის), სამხედრო
ტარლან მოვლან ოღლი აბდულაევი (19 წლის), სამხედრო
გივი გოზალოვი (19 წლის), სამხედრო
სვეტლანა გულბანი (23 წლის), გუდაუთა
მაია ხუციშვილი (26 წლის), გარდაბანი
გიორგი რუსია (30 წლის), თბილისი
ქეთევან წიწავა (33 წლის), ზუგდიდი
ნატალია ანდიევსკაია-გაბეცაძე (34 წლის), თბილისი
ვლადიმერ ვახტანგიშვილი (34 წლის), თბილისი
მიხეილ დანგაძე (39 წლის), წყალტუბო
ბექა სალუქვაძე (5 წლის), ახალციხე
თამაზ თარხნიშვილი (12 წლის), ახალციხე
თემურ ჯინჭველაძე (13 წლის), ახალციხე
ასმათ ზედგენიძე (59 წლის), ახალციხე
საბაგირო კაბინის გამცილებელი:
გურამ ფირცხალავა (45 წლის), თბილისი
ტრაგედიიდან 3 წელიწადში დეფორმირებული კაბინები და გამწევი ბაგირი ჩამოხსნეს. მზიდი ბაგირის დემონტაჟი ეტაპობრივად განხორციელდა 2005 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში. საყრდენი და სადგურები შენარჩუნდა.
2014 წელს იგეგმებოდა საბაგიროს აღდგენა გადანაცვლებული ქვედა სადგურით ვარდების მოედანზე, სასტუმრო „რედისონის“ წინ. საბაგირო იქნებოდა წრიული გონდოლებინი ტიპის 21 გონდოლით. განხორციელდა ზედა ძველი სადგურის და ორივე საყრდენის დემონტაჟი. გონდოლებიანი საბაგიროს მშენებლობა ითვალისწინებდა გამომავალი ანძის დადგმას ვარდების მოედანზე ასევე ანძებს გრიბოედოვისა და ჭონქაძის ქუჩებზე რაც ისედაც ვიწრო ქუჩებს უფრო ტვირთავდა და ავიწროებდა. საბაგიროს ამ სახით მშენებლობას საზოგადოების უმეტესი ნაწილი წინ აღუდგა, ასევე შეცვლილი მუნიციპალური ხელისუფლების პირობებში მისი მშენებლობა შეჩერდა მანამ სანამ არ მიიღებოდა გადაწყვეტილება, აშენდებოდა თუ არა საბაგირო ამ ფორმით თუ აღდგებოდა ძველი სადგურიდან, ამ უკანასკნელ ვარიანტს მოსახლეობაც ემხრობოდა.
2019 წლის თებერვალში დაიწყო მოსახლეობის გამოსახლების ხანგრძლივი პროცესი და ადგილმონაცვლეობა ძველი სადგურის უკან მდებარე საცხოვრებელი სახლიდან.
საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროცესი 2021 წელს დაიწყო. საინჟინრო-ტექნოლოგიურ სამუშაოებს ავსტრიული კომპანია „დოპელმაიერი“, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი შპს „დაგი“ აწარმოებდა.
რეაბილიტირებული საბაგირო გზა 2024 წლის 18 ოქტომბერს გაიხსნა. რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდა და კეთილმოეწყო ქვედა სადგურის ინტერიერი. აღნიშნული სადგური წარმოადგენს ძველი საბაგირო გზის რკინაბეტონის შენობისა და მასზე მიშენებული ლითონის კონსტრუქციის შენობის შერწყმას. აშენდა ზედა ამძრავი სადგური და მოეწყო ხუთი საყრდენი ნაგებობა. სადგურებს შორის გაიჭიმა ბაგირის (d = 47 მმ) ორი შტო, რომლის მეშვეობითაც გონდოლები იმოძრავებს სადგურებს შორის 5 მ/წმ-ის სიჩქარით. მგზავრებს 21 ერთეული 8-კაციანი გონდოლა მოემსახურება და მანძილს 4.07 წუთში დაფარავს. საბაგირო გზა ერთი მიმართულებით საათში 1200 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს.
რეაბილიტირებული საბაგირო გზა კი სამართავად „მთაწმინდის პარკის“ ადმინისტრაციას გადაეცა. პროექტის საერთო ღირებულება 50 მლნ ლარია.
საბაგირო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, საბაგიროს ქვედა სადგურის მიმდებარედ სკვერი მოეწყო. სკვერში, რომლის ფართობიც 1 300 კვადრატული მეტრია, ავთენტური სახით მოეწყო განათების ბოძები, მოპირკეთდა საფეხმავლო ბილიკები, აღდგა ორი შადრევანი, შეიცვალა ინფრასტრუქტურა და განთავსდა ახალი საპარკე ავეჯი. ასევე, მოეწყო სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო სხვადასხვა სახეობის ნერგი და ბალახი. აღნიშნული სამუშაოების ღირებულებამ 700 000 ლარი შეადგინა.