ვაკე - როგორ შენდებოდა და ვითარდებოდა თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული საცხოვრებელი უბანი
ვაკე თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და პრესტიჟული საცხოვრებელი უბანია, სადაც დღეს თავმოყრილია უმაღლესი სასწავლებლები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, ადმინისტრაციული დაწესებულებები და ა.შ. მისი ისტორია XIX საუკუნიდან იწყება, როდესაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ძველი ვერის ტერიტორიაზე წარმოშობილ დასახლებულ პუნქტს ვაკე უწოდეს, რაც დაცემულ, დაბალ ადგილს ნიშნავს. თავდაპირველად, ვაკის დაუსახლებელი ტერიტორიის ათვისება ეკლესიის მსახურებს დაუწყიათ. ამ ადგილებში თბილისის სასულიერო სემინარიის წარმომადგენლებისთვის პატარ-პატარა, ერთსართულიანი სახლები აშენდა.
ვაკის, როგორც თბილისის ნაწილის ისტორია 1905 წელს იწყება, როდესაც „თფილისის“ გუბერნატორმა ვაკის მაცხოვრებელთა წერილი მიღო:
"მიდამო ვაკეს მცხოვრებლებმა თხოვნით მიმართეს თფილისის გუბერნატორს. ისინი აცხადებენ, რომ 1905 წელს ქალაქის გამგეობამ ჰკითხა მათ, სურთ თუ არა რომ ვაკე შეერთებულ იქმნას თფილისზეო. მათ თანხმობა გამოუცხადებიათ იმ პირობით, თუ ქალაქი ვაკელებს ისეთსავე ყურადღებას მიაქცევს, როგორც ქალაქის სხვა ნაწილებსა და ისინი მოკლებულნი არ იქნებოდნენ იმ გაუმჯობესებას, რითაც სხვები სარგებლობენ. ქალაქის გამგეობა დათანხმდა და ვაკე 1906 წლის იანვრიდან მიწერილ იქნა ქალაქზე.
„ტფილისის“ გამგეობა შესაძლებლად სცნობს, ჩაურთოს ქალაქის საზღვართა შორის ვარაზის ხევის გაღმა მდებარე ადგილები წყნეთისკენ, ხოლო იმ პირობით, რომ აქაურმა მამულის პატრონებმა შეატყობინონ ქალაქს, რა ვალდებულებას იკისრებენ ქალაქის წინაშე, გაიყვანენ თუ არა ქუჩებს, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას იმ ხარჯში, რომელიც ქალაქმა უნდა მიიღოს, რომ საერთო გეგმა შესდგეს "ვაკეში," გააკეთებენ თუ არა ხიდს ხევზე და სხვა" - ეს იყო პირველი ცნობა ვაკის თბილისთან მიერთების შესახებ, რომელიც გაზეთ "ივერიაში" გამოქვეყნდა.
1902-1905 წლებში ვაკის ბოლოში დიდი აგურის შენობა ააგეს, რომელშიც მაშინდელი ერევნის მოედნიდან სასულიერო სემინარია გადაიტანეს. ეს ადგილი ახლანდელი ჭავჭავაძის გამზირის # 33 სახლია. 1970 წლამდე ამ შენობაში, რომელიც თბილისის საკმაოდ ცნობილმა არქიტექტორმა ალექსანდრე როგოისკიმ ააშენა, სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი იყო მოთავსებული, შემდგომ კი ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკები განათავსეს.
მეორე საზოგადოებრივი შენობა ვაკეში სათავადაზნაურო გიმნაზია, ამჟამინდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაა, რომელიც არა მთავრობის, არამედ კერძო პირთა შემოწირულობებით აშენდა. შენობის პროექტი ახალგაზრდა ნიჭიერ არქიტექტორ სიმონ კლდიაშვილს ეკუთვნის. ვაკის, როგორც ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებული და პრესტიჟული უბნის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს სწორედ უნივერსიტეტის შენობა ასრულებდა.
1957 წელს თსუ-ს შესასვლელთან დაიდგა ილია ჭავჭვაძის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას ბიუსტები. ეზო-სავანეში დაკრძალულია უნივერსიტეტის პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი, თსუ-ის დამფუძნებელი ივანე ჯავახიშვილი, აქვეა სხვა გამოჩენილი მემცნიერების საფლავები.
ვაკეში სამოქალაქო მშენებლობის სწრაფი ზრდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში დაიწყო.
1946 წლიდან დაიწყო თბილისის ერთ-ერთი უდიდესი ურბანული პარკის - ვაკის პარკის გაშენება, რომელსაც ადრე „გამარჯვების პარკი“ ერქვა. პარკის მწვანე ზოლის შესაქმნელად 200 ჰექტარი მიწის ფართობი გამოიყო. ვაკის პარკი თბილისელებში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ვაკის პარკში არის საბავშვო ქალაქი, ღია კინოთეატრი, კაფე-ბარები და რესტორანი განთავსებული; სამხრეთ-დასავლეთით კი პარკი მიხეილ მესხის სტადიონით ბოლოვდება.
ვაკის მთავარ ქუჩას - „ილია ჭავჭავაძის გამზირის“ სახელი 1957 წელს, დიდი ქართველი მოღვაწის 129-ე, ხოლო გარდაცვალებიდან 50-ე წლის აღსანიშნავად მიანიჭეს. მანამდე, ქუჩას „წყნეთის ქუჩა“ ეწოდებოდა. დღევანდელი ჭავჭავაძის გამზირის პარალელურად, ვაკეში, სხვა ქუჩებიც წარმოიქმნა და თითქმის, ერთ პერიოდში გაშენდა. 20-იან წლებში იქმნება ფალიაშვილის ქუჩა, რომელსაც ადრე „ვაკის გამზირი“ ერქვა, ხოლო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის კი 30-იან წლებში გახდა.
ამჟამად, ვაკე თბილისის ერთ-ერთი დიდი უბანია, სადაც თბილისის მოსახლეობის 11 % ცხოვრობს.