როგორ შენდებოდა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე - ადგილი, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა
რუსთაველის გამზირის #6-ში მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ათწლეულების მანძილზე თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო, თუმცა თავდაპირველად, აქ კავკასიის მეფისნაცვლის რეზიდენცია მდებარეობდა და XIX საუკუნეში გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის) პროსპექტზე მდებარე ნაგებობებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ეკავა.
დღევანდელი სასახლის ადგილას თავდაპირველად, IX საუკუნის ნაგებობა იდგა, რომელიც დროთა განმავლობაში არაერთხელ გადაკეთდა. 1802 წელს ქართველმა ქვითხუროებმა სამხედრო ინჟინრების ხელმძღვანელობით ახალი შენობა ააშენეს. 1818 წელს არქიტექტორ ბრაუნმილერის პროექტის მიხედვით აქ კავკასიის მთავარმართებლის რეზიდენცია განთავსდა.
1845 წელს, კავკასიაში მეფისნაცვლის თანამდებობის შემოღების შემდეგ, სასახლის ზომა და არქიტექტურა იმპერიის მოთხოვნებს ვერ პასუხობდა. 1844 წლის 27 დეკემბერში რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა კავკასიის მართვა გრაფ მიხეილ ვორონცოვს ჩააბარა, რომელიც რუსეთსა და ევროპაში სახელმოხვეჭილი გენერალი, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, ნოვოროსიის გენერალ-გუბერნატორი და ბესარაბიის სრულუფლებიანი ნამესტნიკი გახლდათ. გარდა ამისა, მიხეილი ძალიან ნიჭიერი და განათლებული ადამიანი იყო, რომლის სახელს საქართველოში არაერთი რეფორმა და კულტურული აღორძინება უკავშირდება. ვორონცოვი მოწვევით თბილისში ჩამოსული პეტერბურგის იმ დროის ყველაზე სახელგანთქმნული არქიტექტორი ნიკოლაი სემიონოვი, სასახლეს იერსახეს რადიკალურად უცვლის და კლასიცისტურ სტილში გარდაქმნის. სემიონოვის პროექტში განსაკუთრებული ყურადღება ექცა ფასადს, სადაც დორიული ფრონტონი, მინერვასა და ჰერკულესის სკულპტურები დამონტაჟდა, რაც სიმბოლურად ახალ ხელისუფლებას - სიბრძნესა და ძალას ასახავდა.
ამავე პერიოდში სასახლის უკან მდებარე ბაღში შეიქმნა დახურული, მხოლოდ მაღალი წოდებისთვის განკუთვნილი სივრცე შადრევნებით, ხეივნებითა და აუზით.
1865 წელს, დიდი მთავრის მიხეილ რომანოვის დროს, შვედმა ხუროთმოძღვარმა ოტო სიმონსენმა სასახლეს ჩაუტარა რეკონსტრუქცია -გაადიდა დარბაზები, დაამატა სარკეებიანი დარბაზი, შენობას მიუმატა ეზოში გასასვლელი კიბეები და ბაღში შადრევანი. სიმონსონმა შენობა რენესანსული ელემენტებით გაამდიდრა, რაც არქიტექტურულ სინთეზს დახვეწილობას მატებდა.
სასახლის სამხრეთ ფასადზე გაჩნდა ელეგანტური ღია ვერანდა რკინის სვეტებითა და დეკორატიული კიბეებით, რომელიც ბაღისკენ იშლებოდა.
მიხეილის ვორონცოვის ცხრა წლიანი მმართველობის პერიოდში, რუსული და ქართული თეატრები, იტალიური ოპერა, საბალეტო დასი, საჯარო ბიბლიოთეკა, სალიტერატურო ჟურნალი „ცისკარი“, კავკასიის მუზეუმი, „რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილება“, კავკასიის სასწავლო ოლქი დაარსდა. ახალი ფორმები და შინაარსი შეიძინა სასწავლებლებში ქართული ენისა და სიტყვიერების სავალდებულო სწავლებამ.
ათწლეულების წინ ამ ულამაზეს ადგილზე არა მარტო საქართველოსთვის, მთელი ამიერკავკასიისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები წყდებოდა: 1917 წლიდან აქ ამიერკავკასიის სეიმი იყო განთავსებული. 1918 წლის 26 მაისს სწორედ აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ორი დღის შემდეგ, 28 მაისს, აქვე გამოაცხადეს დამოუკიდებლობა აზერბაიჯანმა და სომხეთმა. 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ამ შენობაში საბჭოთა საქართველოს მთავრობა განთავსდა. 1937 წელს, ეს შენობა ბავშვებს გადაეცა, როგორც თბილისის პიონერთა და ოქტომბრელთა სასახლე.
1930–40-იან წლებში შენობა რამდენჯერმე გარემონტდა. ამ პერიოდში შენობის არქიტექტურულ მოწყობაში ქართველი სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია არქიტექტორ ლეონიდ ჩხიკვაძის მონაწილეობა, რომელიც ახალგაზრდობის სასახლის მოდერნიზაციისა და ახალი ფუნქციის შესაბამისი გარდაქმნის პროცესში ერთ-ერთ ხელმძღვანელად ითვლება.
შენობა 1941 წლის 2 მაისს გაიხსნა როგორც პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლე, რომელსაც 1959 წელს მიენიჭა ბორის ძნელაძის სახელი. 1990 წელს მას სახელი შეუცვალეს და საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლე უწოდეს, თუმცა უცვლელი დარჩა სასახლის სკოლისგარეშე განათლების ცენტრის პროფილი.