თეგებით ძიება

"ვარდების რევოლუციას დღეს ზეიმობს მხოლოდ პატიმარი სააკაშვილის ტოტალიტარული სექტა" - გია აბაშიძე

ანალიტიკოსის, გია აბაშიძის თქმით, "ვარდების რევოლუციას კი დღეს ზეიმობს მხოლოდ პატიმარი სააკაშვილის ტოტალიტარული სექტა, ხოლო ქართველთა უდიდესი ნაწილი, ტრადიციულად, რეალურ დღესასწაულს - გიორგობას!"

"თავის დროზე ძალიან მიხაროდა 2003 წლის 23 ნოემბრის ვარდების რევოლუცია, შემდეგ 2004 წლის 6 მაისი (ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია!). მქონდა არაერთი პოზიტიური მოლოდინი, იმედი. თუმცა, ეიფორია მალევე გაქრა და სკეპტიკურობა გახდა მზარდი.

იმ პერიოდში, ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში ვმუშაობდი და პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, ჩახედული ვიყავი სამართალდამცველი სტრუქტურების მუშაობაშიც. ერთ-ერთ შიდა სამსახურეობრივ ანგარიშში მომხვდა საკმაოდ საგანგაშო ამბავი. ერთ ღამეს, ერთ-ერთი დაკავებული პოლიციელებმა აიყვანეს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიდამოებში, წელზემოთ შიშველი თავდაყირა დაკიდეს ხეზე და მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი ბარამიძის თანდასწრებით წყლით სავსე პლასტიკურ ბოთლს ურტყამდნენ აღიარებითი ჩვენების მისაღებად. იყო სხვა ფაქტებიც, როდესაც უხეშად ილახებოდა სხვადასხვა ადამიანთა უფლებები და თავისუფლებები.

შემდეგ იყო 2004 წლის 24 ნოემბერი, პოლიციის მიერ ბუტა რობაქიძის მკვლელობა. ცხადია, მაშინ დიპკორპუსი უსირცხვილოდ მოატყუეს და ხელისუფლებამ თავი იმართლა.

გამოკვეთილად ანტინაცი კი გავხდი 2006 წლის 29 იანვარს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის მეორე დღეს. გვიან ღამით, მაშინდელი სამთავრობო ტელევიზიის ერთ-ერთი ტელეწამყვანი მანქანით სახლამდე მივიყვანე. მისვლისას მთხოვა, რომ ავტომობილიდან გადმოვსულიყავი, მობილური სალონში დამეტოვებინა და ფეხით გაგვესეირნა. ვიხამუშე, რადგან მოყინული იყო, ბნელოდა და რა სეირნობა აგიტყდა-მეთქი? დეტალურად მომიყვა თუ რა მოხდა შარდენზე და ოქროყანაში. სახტად დავრჩი, არ ვუჯერებდი. მომდევნო დღეებში, თბილისში მყოფი რამდენიმე დიპლომატისგან შევიტყვე იგივე ამბავი, შემდეგ უკვე გირგვლიანის ტრაგედია საჯაროდაც გახდა ცნობილი.

რატომ გავაკეთე ამხელა შესავალი. 18 წლის წინ, 23 ნოემბერი, თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, ცვლილებების მომტანი მომენტი იყო. თუმცა, სამწუხაროდ, მალე გამოჩნდა, რომ პროდასავლურებად, უფლებადამცველებად წოდებულნი გადაიქცნენ (გამოავლინეს საკუთარი თავი) ჯალათებად, ავტორიტარული რეჟიმის შექმნელებად.

ვარდების სიმბოლოს ჩაენაცვლა ტყვია, ხელკეტი, ცოცხი და ღამის ნოტარიუსი. სააკაშვილმა, ახალაიებმა, მერაბიშვილმა, ადეიშვილმა, ბოკერიამ, უგულავამ, ქარდავამ და სხვა ნაცჯალათებმა საქართველოში ძალადობრივი რეჟიმი დაამკვიდრეს. მათ სასტიკად დაატერორეს ათასობით ოჯახი და რაც მთავარია, საქართველოს ტერიტორიების 20% ოფიციალურად გაუფორმეს ოკუპანტ რუსეთს და ზედ სტრატეგიული ობიექტებიც მიაყოლეს.

ვარდების რევოლუციას კი დღეს ზეიმობს მხოლოდ პატიმარი სააკაშვილის ტოტალიტარული სექტა, ხოლო ქართველთა უდიდესი ნაწილი, ტრადიციულად, რეალურ დღესასწაულს - გიორგობას! წმ. გიორგის შეწევნით, ღმერთმა დაამშვიდოს, გააძლიეროს და განავითაროს ჩვენი ქვეყანა", - წერს აბაშიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა