მიხეილ სააკაშვილი მასთან "ემპათიას" ექსპერტების დაუყოვნებლივ შესვლას მოითხოვს - ნიკა გვარამია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ცენტრი „ემპათიის“ მიერ შექმნილი საექიმო საბჭოს შესვლას მოითხოვს მასთან დაუყოვნებლივ.
ადსვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა, მას უჭირს საუბარი და სიარული.
„სააკაშვილი მოითხოვს აუცილებლად და დაუყოვნებლივ ცენტრი „ემპათიის“ მიერ შექმნილი საექიმო საბჭოს შესვლას.
მე არ შემიძლია დიაგნოზის დასმა, თუმცა, როგორც კი პირველადი სისუსტეები, რაც ძალიან ეტყობოდა, ალაგდა, წინა პლანზე წამოვიდა და ნათელი გახდა მისი სტრესული მდგომარეობის ამსახველი ნევრული მდგომარეობა. ყველაზე უფრო მძიმედ ახლაა - მას ეტყობა მეტყველებაზეც, კომუნიკაციაზეც, სიარულზეც და ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანის კომისიაში არიან ნევროლოგები, ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული კონსილიუმის შემოსვლა. მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის, მიუხედავად იმისა, რომ საჭირო მკურნალობა უტარდება. ფიზიკურად აღდგენის პროცესი დაწყებულია, თუმცა, მენტალური აღდგენის პროცესი, რომელიც გაცილებით უფრო რთულია და შეიძლება ასე თვალხილულად არ მიმდინარეობდეს და ამას ანალიზებით ვერ გავიგებთ ვერასდროს, საჭიროებს დროულ და კვალიფიციურ ჩარევას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს, 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ექსპრეზიდენტი ამ ეტაპზე მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.