თეგებით ძიება

"ვიდეო გავრცელდა ამ "დაუმორჩილებლობის", ნუ მცემთო, ეხვეწება ბიჭი" - რა მოხდა იუსტიციის სამინისტროსთან

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ახალგაზრდა მამაკაცზე წერს, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან დააკავეს.

"ვეძებ არასამთავროებს, იურისტებს, სახალხო დამცველსა და სახელმწიფო ინსპექტორს, მასწავლებლებსა და სტუდენტებს, კოლეგებს და ფერმერებს, ყველას, ვისთვისაც სიცოცხლე მნიშვნელოვანია!
ახალგაზრდა ბიჭი, ბექა ცერცვაძე დააკავეს იუსტიციის სამინისტროს შენობასთან, იუსტიციის სამინისტროს დაცვას არ დაემორჩილაო, თავს კი არ დაესხა, არ დაემორჩილაო, ვიდეო გავრცელდა ამ "დაუმორჩილებლობის", ნუ მცემთო, ეხვეწება ბიჭი - ანუ, რომ სცემდნენ, არ დაემორჩილა? დამიმატე, შენი ჭირიმე, მარცხენა ფერდშიც ჩამაზილე წიხლი, მოდი, გენაცვალეო, არ უთხრა?
დღისით, მზისით მოხდა ეგ ამბავი და გამვლელი ქალი, რომელიც ამბავს შეესწრო, მედიასთან ჰყვება - ვიკითხე რისთვის სცემთ და მითხრეს, ახლა შენც დაგაკავევთო!
რომ ხედავ ქუჩაში როგორ სცემს უიარაღო ბიჭს დაცვა, თუ პოლიცია, თავჩახრილმა უნდა გაიარო, თურმე!
ვერ ნახა ამ ბიჭმა სამართალი ამ უსამართლო ქვეყანაში - ხოდა, შიმშილობა დაიწყო, 35 დღე იწყება, რაც შიმშილობს, დღეს ეტლით გაიყვანეს, დედას რომ ენახა, მამამ თავის დაწვა სცადა გუშინ!
მამის თქმით, პროკურატურამ ჯერ 2 წლიანი პატიმრობა მოითხოვა, ახლა კი ეუბნებიან, გაჩუმდეს და 9 თვე იჯდესო!
რატომ ვიჯდე, როცა უსამართლოდ დამიჭირესო, კითხულობს ახალგაზრდა ბიჭი და გაეცით პასუხი!
მამა ითხოვს, კლინიკაში მაინც გადამიყვანეთ, ნუ მომიკლავთო!
სდუმს პროკურატურა, სდუმს სასამართლო, სდუმს შსს, სდუმს გენ. ინსპექცია, სდუმს იუსტიცია!
ყველა ერთად დაყრუვდა და დამუნჯდა და კვდება ახალგაზრდა ბიჭი ციხეში!
ადვოკატი კითხულობს, ბიჭი, რომელიც არ არის დაკავებული თავდასხმისთვისაც კი, რატომ არ შეიძლება, სამაჯურით, გირაოთი მაინც გაუშვან? - არც ამაზე აქვს პასუხი პროკურატურას და რატომ ექნება, როცა საზოგადოებაა ჩუმად! ეგენი მხოლოდ ბევრი ადამიანის ერთდროულ ხმაზე ტოკდებიან!
იტყვიან ახლა, ყოფილ პრეზიდენტს ვკლავდით და ეგ ბიჭი ვინღააო! თუ არ იტყვიან, გაიფიქრებენ!
2018 წელს ციხეში 35 წლის ბიჭი მოკვდა შიმშილობის შედეგად, საქმის გადახედვას ითხოვდა!
სამჯერ გადაიყვანეს კლინიკაში და ორჯერ მიაბრუნეს ციხეშიო, დედა ჰყვება და იმასაც დასძენს, კლინიკაში ერთხელ შეწყვიტა შიმშილობა და ციხეში თავიდან დაიწყოო! ექიმებმა მითხარით ახლა, რამდენად შეიძლება ერთთვიანი შიმშილობის შემდეგ პატიმარს რეაბილიტაცია გაატარა რამდენიმე დღეში და ციხეში მიაბრუნო? როგორ მოუწერეთ ხელი სამოქალაქო კლინიკაში ექიმებმა, ამ ბიჭის ციხეში დაბრუნების საბუთებს იუსტიციას? 17 დღე იშიმშილა ხოშტარიამ და ჯერ არ გავწერთო და ის ბიჭი როგორ გაიმეტეთ? ან, საკვებს რომ აძლევ, რეაბილიტაცია არ მორჩენილა, ისევ ციხეში უშვებ და რეაბილიტაცია გაუვლელი ისევ შიმშილობას იწყებს - უკუპროცესები ორმაგი სისწრაფით არ იწყება? იმ ბიჭის მკვლელობაში, მე მგონია, სამოქალაქო ექიმებიც ხართ დამნაშავენი და ვთვლი, რომ ეს საქმე არ არის გამოძიებული, მაგრამ დღეს და ახლა ბექას გადარჩენა შეგვიძლია!
ხო, ბექას ცემა, დაკავება და დაჭერა უპირბადობას მოჰყვა, კი, დაარღვია რეგულაცია, მაგრამ დააჯარიმე, რატომ კლავ?
ასე არღვევს ყველა პოლიტიკოსი ამ რეგულაციას სტუდიაში, მაგალითად, ასე დაარღვია ეს რეგულაცია პრემიერმა - სცემეთ დაუჭირეთ პრემიერიც და მერე ვისაუბროთ სამართლიანობაზე!
როგორც წესი, არ გთხოვთ ჩემი პოსტის გაზიარებას, ახლა გთხოვთ!
გავაგებინოთ ერთმანეთს, რომ აქვე, თბილისში, ახალგაზრდა ბიჭს კლავს უსამართლობა, კლავს სისტემა, კლავს საზოგადოების ორმაგი სტანდარტი, გავაგებინოთ დღეს, ხვალ რომ გვიანი არ იყოს!
თუ ასე არ მოვიქცევით, ცოტა ხანში, ნაწილს სამძიმრის წერილების წერა მოგიწევთ და მეორე ნაწილს - სისტემის მემილიონეჯერ "გაპრავება"!
როგორი ლაკმუსია, რომ ის უფლებადამცველები, რომლებმაც ციხეზე საუბრით და პატიმრების "დაცვით" გაითქვეს სახელი, სდუმან! ეს არაა მათი პატიმარი!
#გამოუშვითბექა
#ანდაიჭირეთპრემიერიც
პ.ს.
კომენტარებში მხოლოდ პრობლემის გადაჭრის გზებზე ვისაუბროთ, გთხოვთ, დრო ძალიან ცოტაა და ამ ძვირფას დროს ერთმანეთის ლანძღვაში ნუ დავხარჯავთ...", - წერს კეშელავა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა