თეგებით ძიება

ენმ ვადაგასული საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას სასამართლოში გაასაჩივრებს

"ნაციონალური მოძრაობის" ბრიფინგზე ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ მმართველ გუნდთან სასამართლოში იდავებენ, რადგან ვადაგასული საკრებულოების მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განსაზღვრულ მუხლებს.

"ქართულმა ოცნებამ" და ცესკომ ერთხელ უკვე მოპარეს არჩევნები საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. ამჯერად ისინი ახდენენ არჩევნების შედეგების გადაწერას საკრებულოებში, იქ სადაც არ აქვს "ოცნებას" უმრავლესობა ვადაგასულ საკრებულოებს დაამტკიცებინეს ბიუჯეტები, რაც თავისი არსით არის ძალაუფლების მიტაცება და საკრებულოს სამქიანობაში განზრახ ხელის შეშლა. სახეზეა შეთანხმებული მოქმედება ოცნებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის. კომისიამ განზრახ და მიზანმიმართულად გააჭიანურა ახალი საკრებულოების სხდომის მოწვევის თარიღი, როცა არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ შეჯამებული იყო 13 ნოემბერს და შესაძლებელი იყო დანიშნულიყო ახალი საკრებულოების სხდომის მოწვევის თარიღი და მათ განეხორციელებინათ საბიუჯეტო უფლებამოსილება.

ვადაგასული საკრებულოების მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განსაზვრული თვითმმართველობის ორგანიზების წარმომადგენლობითობისა და ექსკლუზიურობის პრინციპებს, ვინაიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის საკრებულოს ექსკლუზიური უფლებამოსილება და მათ შორის, ახლად არჩეული საკრებულოსი, განსაზღვროს შემდგომი 4 წლის განმავლობაში საბიუჯეტო პოლიტიკა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მაშინ, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტი ჯერ კიდევ დამტკიცებული არ არის და სახელმწიფო ბიუჯეტი არის ძირითადი წყარო ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსებისა, ხელისუფლების მოქმედება, რომ ვადაგასულ საკრებულოებს დაემტკიცებინათ ბიუჯეტი, არის სწორედ რომ ხელისუფლების მიტაცების ფაქტი. არგუმენტი, რომ ძველ საკრებულოებს უნარჩუნდებათ უფლებამოსილება ახალი საკრებულოების შეკრებამდე, არის არარელევანტური, ვინაიდან ეს ნორმა მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოხდებოდა საკრებულოს არჩევნების გადავადება ან ბათილად გამოცხადება და რომ არ შექმნილიყო საკანონმდებლო ვაკუმი, ძველ საკრებულოებს ექნებოდათ უფლებამოსილება.

ჩვენ, ბუნებრივია, ამ პროცესს წავიღებთ სასამართლოებში და აუცილებლად ჩვენ ოპოზიციონერ საპარალამენტო კოლეგებთან ერთად მოხდება კონსტიტუციური წარდგინების მომზადება, ვინაიდან ჩვენ ეს პროცესი არ უნდა უგულებელყოთ თუ ქვეყანაში გვინდა სამართლიანობა და კანონიერება", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა