თეგებით ძიება

"აუცილებლად მოუწევთ ბოდიშის მოხდა საჯაროდ" პროკურატურა "ტვ პირველს" ცილისწამებაში ადანაშაულებს

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც "ტვ პირველს" სიცრუესა და ცილისწამებაში ადანაშაულებს და არხისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

"გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ტვ. პირველის ეთერში გასული ყალბი და სუბიექტური ინფორმაციით გაჯერებული მორიგი გადაცემის ანონსს, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს ეხება.

საქართველოს პროკურატურა პირველად არ გამხდარა ცილისმწამებლური თავდასხმების სამიზნე და როგორც წესი, უწყების თანამშრომლების მიმართ მსგავსი შინაარსის ცრუ ინფორმაციის გავრცელება პერიოდულ და კამპანიურ ხასიათს ატარებს, ისეთი სამართლებრივი საქმეების მსვლელობის პარალელურად, როდესაც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან კავშირში მყოფი პირების შესაძლო დანაშაულებებზე სამართალწარმოება იწყება ან მიმდინარეობს, რაც ცალსახად მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უწყების დისკრედიტაციას .

აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნულ ანონსში დასახელებული საქართველოს გენერალური პროკურატურის თითოეული წარმომადგენლის მიმართ გაჟღერებული ინფორმაცია მიზანმიმართული სიცრუე და ცილისწამებაა!

მეტიც,მიუხედავად იმისა, რომ უწყების საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურს ჰქონდა კომუნიკაცია არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელთან და გადაცემის ავტორთან ნოდარ მელაძესთან, რომელსაც შეეთავაზა ყველა შესაძლო კითხვაზე პასუხის გაცემა და აღნიშნულ თემაზე ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდება, მათი მხრიდან სიუჟეტი მომზადდა ისე, რომ არ დასმულა არცერთი კითხვა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მათი მიზანი თავიდანვე იყო სუბიექტური და ცალმხრივი სიუჟეტის მომზადება და გააკეთეს ყველაფერი იმისთვის რომ ანონსში აქცენტირებული პირების პოზიცია გადაცემაში არ გაჟღერებულიყო. ამდენად ამ გადაცემის ავტორების როგორც ეთიკური ისე პროფესიული სტანდარტები ვერ აკმაყოფილებს ჟურნალისტიკის ყველაზე ელემენტარულ სტანდარტსაც კი.

ასევე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ცალმხრივ და ყალბ სიუჟეტს შესაბამისი პირების მხრიდან მოყვება სამოქალაქო სამართლებრივი რეაგირება და ხსენებული გადაცემის ავტორებს აუცილებლად მოუწევთ ბოდიშის მოხდა საჯაროდ მათ მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის გამო", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა