მიხეილ სააკაშვილის გამო, "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის"ჰააგის სასამართლოს მიმართავს
ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, ჰააგის სასამართლოს მიმართავს.
როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე განმარტავს, ჰააგაში გაგზავნიან ევროსასამართლოს მიერ რიგ საქმეებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებსაც, რათა მათ აჩვენონ, რომ საკააშვილის რეჟიმის დროს სისტემური დანაშაულები ხდებოდა.
კაკაბაძის შეფასებით, ექსპრეზიდენტის მიერ 29 ნოემბერს სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვა ქართველი ხალხის შეურაცხყოფა იყო.
"გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ არც თვითონ სააკაშვილს და არც მის გარემოცვას არ აქვს განცდა, რა დანაშაულები აქვთ ჩადენილი ქვეყნის წინაშე. ის გამოსვლა, რომელიც სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა, პირდაპირ იყო განაცხადი, რომ დიახაც, რაც გავაკეთე იყო სწორიო, თურმე, ეს ყოფილა აღმშენებლობა, ეს ყოფილა ქვეყნის წინსვლა.
არც ქუჩაში ჩახოცილი ბიჭების, არც გირგვლიანის ოჯახის წინაშე, რომელიც მისი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უშუალოდ აწამეს, პასუხისმგებლობას არ გრძნობს, პირიქით, თქვა, რომ ეს იყო პიარსაქმეო, რითაც, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად ქართულ საზოგადოებას, რომ არაფერი ვთქვათ გარდაცვლილზე. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომლებიც საერთოდ არ იყო კავშირში საქმესთან, მიუხედავად პროკურატურის მოთხოვნისა, მოსამართლემ არანაირი უფლებამოსილება არ გამოიყენა და არ შეაჩერებინა ის რიტორიკა, რომელსაც სააკაშვილი ეწეოდა, თუმცა მას ამის უფლება და ვალდებულებაც ჰქონდა, რადგან არცერთი წინადადება, რომელზეც საუბრობდა, არ ეხებოდა საქმეს. აქედან გამომდინარე, მან გამოიყენა სასამართლო პირად ტრიბუნად, რომ მიემართა საზოგადოებისთვის. როდესაც პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა, რომ შეეჩერებინა მოსამართლეს არასაქმიანი გამოსვლა, მოსამართლემ მოიშველია ის, რომ ბევრი პროცესი ჩავატარეთ სააკაშვილის წინააღმდეგ და მას არ ჰქონდა საშუალება გამოსულიყო და ახლა ვაძლევთ ამის საშუალებასო, ეს საშუალება არავის წაურთმევია მისთვის, ეს იყო მისი არჩევანი, როდესაც იმალებოდა და თავს არიდებდა ქართულ მართლმსაჯულებას, ის ამ შესაძლებლობას არ იყენებდა თავისი ნებით. ვფიქრობ, სააკაშვილის გუშინდელი სიტყვა იყო შეურაცხყოფა ქართველი ხალხის მიმართ“, - აღნიშნა კაკაბაძემ.