საკნებს ამზადებენ - ელისო კილაძე ხმაურიან დაჭერებს აანონსებს
"ქრონიკა პლიუსის" მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ხმაურიან დაჭერებს აანონსებს. მისი ინფორმაციით, ხაზარაძე-წერეთლის საქმეზე, სავარაუდოდ, გამამტყუნებელი განაჩენი დადგება და სასჯელაღსრულების სისტემა ამისთვის სპეციალურადაც ემზადება:
"ხმაურიანი დაჭერები, მედიაზე შტურმი ხაზარაძე- წერეთლის ქეისი, რა უნდა თქვან, გაამართლებენ? მე არ ველოდები გამამართლებელ განაჩენს ამ საქმეში, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთის აღიარებას. დაველოდოთ რაც მოხდება. მე რაც ვიცი, ჩემი წყაროები სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მეუბნებიან, რომ საკნების გამზადება, გარემონტება და მოსასმენი - ფარული მიყურადების აპარატურა [დამონტაჟება], შესაბამისად პერსონალის დამატებაც" ამბობს კილაძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში".
ცნობისთვის, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის სასამართლო განხილვა დასკვნით ეტაპზეა. გუშინდელი პროცესი ხმაურის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვეს.