"ვთხოვდი, რამე ცხელი სითხე მოეცათო, მაგრამ აპარატის ცივ წყალს ასმევდნენ" - არასაკმარისი კვების გამო, საავადმყოფოში კოვიდპაციენტმა 18 კილო დაიკლო
თბილისის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში, 87 წლის პაციენტმა 3 კვირაში 18 კილო დაიკლო. მისი ახლობლები "რადიო თავისუფლებასთან" ყვებიან, რომ მხცოვან ქალს სამედიცინო დაწესებულებაში სათანადო კვება არ ჰქონდა და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის საშუალებასაც არ აძლევდნენ.
ანასტასია სლოვინსკაიამ კოვიდით ინფიცირებული ბებია თბილისში, კლინიკა „ღია გულში“ ნოემბრის დასაწყისში დააწვინა. რეანიმაციაში შეყვანამდე ქალს პირადი ნივთები, მათ შორის მობილურიც გამოართვეს. მას შემდეგ შვილიშვილი სამი კვირის განმავლობაში ბებიის ამბავს მხოლოდ ექიმებისგან იგებდა. 1 დეკემბერს, როდესაც 87 წლის მოხუცი სახლში გაწერეს და შვილიშვილი წამოსაყვანად მივიდა, აღმოაჩინა, რომ ბებიას სამ კვირაში 18 კილო ჰქონდა დაკლებული. როგორც გაირკვა, მას საკვები არ ჰყოფნიდა და, ამავე დროს, მუდმივად უწევდა მედპერსონალისთვის იმის შეხსენება, რომ საჭმელი მიეტანათ.
„21 დღის განმავლობაში მასთან პირდაპირი კონტაქტი არ მქონია. არადა, გონზე იყო, საავადმყოფოში რომ იწვა, წიგნსაც კითხულობდა. მანდ ასეთი წესი მოქმედებს, არის გამოყოფილი საათები, როდესაც შეგიძლია ექიმებს დაურეკო და ახლობელი მოიკითხო. ვრეკავდი ყოველდღე. მეუბნებოდნენ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა ან დამძიმდა, სიტუაციის მიხედვით. ზოგადად ამბობდნენ, რომ კარგად არის, არაფერი უჭირს. რამდენჯერმე დავაზუსტე, რამის მოტანა ხომ არ არის საჭირო-მეთქი და არაო.
სამი კვირის თავზე, როცა გამოწერეს, აღმოჩნდა, რომ კვებაზე სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. კვების რამე განრიგი არ არსებობდა, ვინმე უნდა გამოეჭირა მედპერსონალიდან და ეთხოვა, საჭმელი მიეტანათ. რაციონიც არ იყო კარგი, ვერ ნაყრდებოდა. ასევე პრობლემა იყო ცხელი ჩაი. ვთხოვდი, რამე ცხელი სითხე მოეცათო, მაგრამ აპარატის ცივ წყალს ასმევდნენ. მისი ნივთები რომ წამოვიღე, ფურცლები ვნახე, რომლებზეც ექიმებისთვის ჩემი ნომერი მიეწერა - შვილიშვილია, დაურეკეთ და თუ კვებაზე რამე არის გადასახდელი, გადაიხდისო. ჩემთვის რამე მსგავსი რომ ეთქვათ, მაშინვე მივაწვდიდი. ხომ შეიძლება, მართლა რამე ისეთი მოუნდეს ადამიანს, რაც საავადმყოფოს რაციონში არ არის, მაგალითად, შოკოლადი.
რამდენჯერმე ვთხოვე ექიმებს, ბებიასთვის ორი წუთით მაინც შეეტანათ ტელეფონი, რომ ჩვენი ამბავი მაინც მეთქვა. მთელ ოჯახს კოვიდი გვჭირდა და ცხადია, ამ სამი კვირის განმავლობაში ისიც ეფიქრებოდა, როგორ ვიყავით. ამაზეც უარი მითხრეს, არ შეიძლებაო. მაშინ არ ჩავძიებულვარ, რატომ არ შეიძლებოდა, ახლა კი ძალიან ვნანობ, რომ ასე ვენდე“, - ამბობს ანასტასია სლოვინსკაია.
radiotavisupleba.ge